ვატო ყიფიანს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.
როგორც დაკავებულის ადვოკატი მარიკა ფხალაძე აცხადებს, ბრალი არის აბსურდი, რადგან პირები, რომლებიც ბრალშია მითითებული, საერთოდ არ იცნობენ ვატო ყიფიანს და დაკითხულების ჩვენებებშიც არსად არის ნახსენები.
„ბრალი წაუყენეს მკვლელობის მომზადებისთვის და ბრალში მითითებული არის, თითქოს მან გარკვეულ პირებს მისცა დავალებები, რომ მოემზადებინათ ფეიქრიშვილების მკვლელობა. ბრალი არის აბსურდი, რადგან პირები, რომლებიც ბრალშია მითითებული, საერთოდ არ იცნობენ ყიფიანს, არც ერთი ადამიანის ჩვენებაში ვახტანგ ყიფიანის სახელი, გვარი, ნახსენები არ არის. ბრალი აგებულია აბსოლუტურად ვარაუდებზე. მხოლოდ ბრალის ფორმულირებაა და მტკიცებულებები არ არის. ეს სისხლის სამართლის საქმე გუშინდელი დღიდან აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ფიზიკურად შეუძლებელია, სრულყოფილად გაცნობოდნენ, რადგან საქმე გუშინ გადაეცათ გამოსაძიებლად. ვატო ყიფიანი გაოგნებულია ამ ბრალდებით. მან აუხსნა გამოძიებას, რომ იყო მოწმის სახით დაკითხული, მიაწოდა სრულყოფილი ინფორმაცია და წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ გრძნობს. ჩვენი აზრით, რაღაც გაურკვევლობას აქვს ადგილი და ვფიქრობთ, ამ დასკვნამდე მივლენ“, – განაცხადა ადვოკატმა.
ვატო ყიფიანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ დააკავეს. ვატო ყიფიანის საქმეზე გამოძიება სსკ-ის 18-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას.