ვატო ყიფიანი - სიბინძურეს ნუ ხატავენ, რომ ყველაფერზე წამსვლელი ვარ და თუ ეს ნათელს მოჰფენს, მზად ვარ ჩამოვიდე
ვატო ყიფიანი - სიბინძურეს ნუ ხატავენ, რომ ყველაფერზე წამსვლელი ვარ და თუ ეს ნათელს მოჰფენს, მზად ვარ ჩამოვიდე

კრიმინალური ავტორიტეტის, ვატო ყიფიანის ადვოკატმა, მარიკა ფხალაძემ ჟურნალისტებს გააცნო ჩანაწერი, რომელშიც ყიფიანი ძმებ ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მზადების საქმესთან დაკავშირებით მისი სახელის ხსენების შესახებ კომენტარს აკეთებს. ვატო ყიფიანი ჩანაწერში აღნიშნავს, რომ უნდა, მისი პოზიცია გასაჯაროვდეს.

„ნერვები მაქვს დაგლეჯილი. ეს ორი დღეა, ამაზე ვფიქრობ. ვერ მოვისვენე. ბევრჯერ ყოფილა სიტუაცია, რომ ჩემთვის რაღაც დაუბრალებიათ. დღეს სიბინძურეზე მიდის ლაპარაკი ხალხზე, რომელთანაც არაფერი მაკავშირებს. ნაცნობებიც არ არიან“, – აღნიშნავს ჩანაწერში ვატო ყიფიანი.

ვატო ყიფიანი ამბობს, რომ მზად არის, სიმართლის დასადგენად საქართველოში ჩამოვიდეს.

„თითქოს მე მინდოდა, ვისთანაც არ მაქვს არანაირი შეხება, იმათი აფეთქება. ​სიბინძურეზეა ლაპარაკი. მინდა, ხალხმა იცოდეს. მე მზად ვარ, როცა მეტყვიან, მაშინ ჩამოვიდე. ოღონდ სიმართლე დადონ, რაღაც სიბინძურეს ნუ ხატავენ, რომ ვატო ყველაფერზე წამსვლელი ადამიანია. ვატო არაფერ შუაში არ არის ამასთან და თუ ეს ნათელს მოჰფენს, მე მზად ვარ ჩამოვიდე.

მე ჩემს სახელს ვუფრთხილდები. მე არც გამოძიებას ვეხები – ასე იყო, ისე იყო. ძალიან კარგად იციან ჩემზე, როგორ იყო და რა იყო. თვითონ დაადგინონ და გააკეთონ. მასე თუ უნდათ, მე მზად ვარ, ჩამოვიდე. ჩემი თხოვნაა, რომ ეს ხალხმა მოისმინოს“, – საუბრობს ვატო ყიფიანი ჩანაწერში, რომელიც მედიას ადვოკატმა გააცნო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უწყებამ ძმების, გიორგი და დავით ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მცდელობის საქმე  გახსნა. ამ საქმეზე ბათუმში დაკავებულ ოთხ და თბილისში აყვანილ ორ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 31 იანვარს შეეფარდათ. საქმეზე გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული სხვა პირების პასუხისგებაში მიცემაც.

დაკავებულების ადვოკატების ინფორმაციით, ძმებ ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მზადების საქმეზე ბრალდებულების ნაწილი საქმის ფიგურანტს, კრიმინალურ ავტორიტეტ ვატო ყიფიანს იცნობდა. გამოძიების ვერსიით, სწორედ ყიფიანი მოიაზრება დანაშაულის შემკვეთად. როგორც საქმის პროკურორმა მედიას განუცხადა, მოწმის ჩვენებით დასტურდება, რომ ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის მცდელობის საქმეში ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება ვატო ყიფიანმა დაუკვეთა.

ძმები ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მცდელობის საქმეზე, ვატო ყიფიანის წინააღმდეგ ჩვენება სუს-ის მიერ დაკავებულმა ერთ-ერთმა ბრალდებულმა, როლანდ ბერიძემ მისცა. საქართველოს პირველმა არხმა აღნიშნული ჩვენება მოიპოვა, სადაც ბრალდებული ბერიძე ამბობს, რომ მისმა მეგობარმა ვატო ყიფიანმა „ვოთსაფის“ მეშვეობით უკრაინიდან დისტანციური ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება დაავალა.