ადვოკატების ინფორმაციით, ძმებ ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მზადების საქმეზე ბრალდებულების ნაწილი ვატო ყიფიანს იცნობდა
ადვოკატების ინფორმაციით, ძმებ ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მზადების საქმეზე ბრალდებულების ნაწილი ვატო ყიფიანს იცნობდა

ადვოკატების ინფორმაციით, ძმებ ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მზადების საქმეზე ბრალდებულების ნაწილი საქმის ფიგურანტს, კრიმინალურ ავტორიტეტ ვატო ყიფიანს იცნობდა. გამოძიების ვერსიით, სწორედ ყიფიანი მოიაზრება დანაშაულის შემკვეთად.

საქართველოში დაკავებული ექვსი პირიდან რამდენიმე ბრალს აღიარებს, ნაწილი კი უარყოფს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ექვსი პირისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შემდეგ, ერთ-ერთი ბრალდებულის, როლანდ ბერიძის ადვოკატმა, განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი რომელიც ასლან აბაშიძის დაცვის ყოფილი წევრია, ვატო ყიფიანის ახლო მეგობარია, თუმცა ამ საქმეზე გამოძიების ფარგლებში, მათი კომუნიკაცია რაიმე დანაშაულის შემცველი არ ყოფილა. როლანდ ბერიძეს ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენას ედავებიან, რომლითაც ბრალდების მტკიცებით, ძმები ფეიქრიშვილების აფეთქება იგეგმებოდა.

„ის იცნობს საქმის ფიგურანტებს. ეს საქმე იყოფა ორ ნაწილად. განზრახ მკვლელობის ნაწილად და ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება-შეძენის ნაწილად. მოხდა ამ საქმის თემატური გაერთიანება, შემდგომში შესაძლებელია სხვა მიმართულება მიეცეს. როლანდ ბერიძეს დანაშაულის განზრახვა არ ჰქონია. ის არ უარყოფს ვატო ყიფიანთან ნაცნობობას, თუმცა ამ დანაშაულთან შემხებლობაზე მას არაფერი არ უთქვამს. ისინი ახლო მეგობრები არიან, მაგრამ ამ საქმეზე მათი კომუნიკაცია არ არის დანაშაულებრივი ინფორმაციის შემცველი“, – განაცხადა ადვოკატმა, შოთა მანელიძემ.

კრიმინალურ ავტორიტეტ ვატო ყიფიანთან ნაცნობობას გამორიცხავს კიდევ ერთი ბრალდებულის და მკვლელობის დაგეგმვის ბრალდებით დაკავებული ბექა ცინცაძის ადვოკატი. ცინცაძეს და კიდევ ერთ ბრალდებულს, ბიბილურს ბრალად ედებათ თბილისსა და ბათუმში ლიკვიდაციის გეგმის მზადება.

„ბექა ცინცაძეს დანაშაული ჩადენილი არ აქვს. ის არის აბსოლუტურად კანონმორჩილი მოქალაქე და წარმატებული ადამიანი. ვერც ერთი ფაქტობრივი გარემოება, ვერც ერთი დოკუმენტი, ვერც ერთი მოწმის დაკითხვა თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება ვერ ადასტურებს ეჭვის დონეზეც კი, ბექა ცინცაძის მხრიდან დანაშაულს. ამ ადამიანს არანაირი კავშირები არ აქვს კრიმინალურ ავტორიტეტებთან. ის არ იცნობს და არანაირი კავშირი არ აქვს მეორე ბრალდებულთან, რომელსაც ცინცაძის მსგავსი ბრალი აქვს. გამოძიებამაც ვერ დაადგინა მათ შორის კავშირი. ბექას არანაირი დანაშაულებრივი განზრახვა არ ჰქონია და ამ განზრახვით არ მისულა იმ ადგილზეც, რომელსაც გამოძიება მიუთითებს. ბექა ცინცაძემ შინაარსობრივად არ იცოდა, სად მიდიოდა. ის ფიგურირებს ფარულ კადრებში, თუმცა არა განზრახვით. ვატო ყიფიანთან ან სხვა კრიმინალურ ავტორიტეტთან კავშირი გამორიცხულია, არც იცნობს და არც კავშირი ჰქონია“, – განაცხადა ცინცაძის ადვოკატმა, სალომე ჯანუაშვილმა.

რაც შეეხება ბათუმში დაკავებულ იური მჟავანაძეს, ადვოკატის ინფორმაციის, ის ბრალს აღიარებს.

„აღიარებს ბრალს. ის ბრალდებულია ბათუმის ეპიზოდთან დაკავშირებით. ოთხი პირიდან ამ ეპიზოდზე ბრალს სამი აღიარებს. მას ედავებიან ფეთქებადი მოწყობილობის შეძენაში დახმარებას. მან ერთ-ერთი ბრალდებული როლანდ ბერიძე ფეთქებადი საშუალების შესაძენად მიიყვანა კიდევ ერთ ბრალდებულ ნუგზარ ბეჟანიძესთან. მან არ იცოდა არაფერი დანაშაულებრივ გეგმაზე. ბათუმის ეპიზოდზე ბრალდებული ოთხი პირი ასლან აბაშიძის დაცვის ყოფილი წევრები არიან“, – განაცხადა იური მჟავანაძის ადვოკატმა, ემზარ პაქსაძემ.

ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 26 მარტს ჩაინიშნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ძმები ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მზადების საქმეზე ბრალდებულ პირებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში ორი პირის შეკვეთილი მკვლელობა იგეგმებოდა.