ძმები ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მცდელობის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ვატო ყიფიანის წინააღმდეგ ჩვენება მისცა
ძმები ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მცდელობის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ვატო ყიფიანის წინააღმდეგ ჩვენება მისცა

ძმები ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მცდელობის საქმეზე, ვატო ყიფიანის წინააღმდეგ ჩვენება სუს-ის მიერ დაკავებულმა ერთ-ერთმა ბრალდებულმა, როლანდ ბერიძემ მისცა.

საქართველოს პირველმა არხმა აღნიშნული ჩვენება მოიპოვა, სადაც ბრალდებული ბერიძე ამბობს, რომ მისმა მეგობარმა ვატო ყიფიანმა ვოთსაფის მეშვეობით უკრაინიდან დისტანციური ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება დაავალა.

„2019 წლის ნოემბრის თვის დასაწყისში ვოთსაფის მეშვეობით დამიკავშირდა მეგობარი ვალერიან ყიფიანი, რომელიც იმყოფებოდა უკრაინაში და მთხოვა, დავხმარებოდი ორი ცალი „ტელეფონი ბანანის“ დამზადებაში. მივხვდი, რომ ამ „ტელეფონი ბანანში“ იგულისხმებოდა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის მოქმედებაში მოყვანაც ტელეფონის საშუალებით არის შესაძლებელი. ვინაიდან მე და ვალერიანი დიდი ხანია, ვიცნობთ ერთმანეთს და მასთან მაკავშირებს მეგობრული ურთიერობა, მას თხოვნაზე უარი ვერ ვუთხარი და ვუპასუხე, რომ ვნახავდი ადამიანს, რომელიც შეიძლებოდა დამხმარებოდა ამ საკითხის მოგვარებაში. მისთვის არ მიკითხავს, თუ რისთვის სჭირდებოდა ასაფეთქებელი მოწყობილობა,“ – წერს ბერიძე გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში.

ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მცდელობის საქმეზე როლანდ ბერიძეს საქართველოში დაკავებულ ხუთი პირთან ერთად დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

როგორც საქმის პროკურორმა, გიორგი კავსაძემ დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა, ყიფიანის წინააღმდეგ, გამოძიებას ჩვენების გარდა, სხვა მტკიცებულებებიც აქვს.

ამასთან, საქართველოს პირველი არხი დაუკავშირდა ვატო ყიფიანის ადვოკატს, მარიკა ფხალაძეს, რომელმაც ყიფიანის ამ საქმესთან კავშირი კატეგორიულად უარყო. ფხალაძის თქმით, მას დაუკავშირდა ვატო ყიფიანი, რომლისთვისაც გაუგებარია, რატომ ახსენებენ ამ საქმეზე მის გვარს, რადგან ძმებ ფეიქრიშვილებთან არანაირი დაპირისპირება არ აქვს.

საქართველოში დაკავებული ექვსი პირის წინასასამართლო სხდომა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისსა და ბათუმში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად აიყვანა, 26 მარტს ჩაინიშნა.

გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული სხვა პირების პასუხისგებაში მიცემაც.

დატოვე კომენტარი