ვახტანგ შაქარიშვილი - საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე თბილისის 34 მილიონი ლარით გაზრდილ ბიუჯეტს მივიღებთ
თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე 34 მილიონი ლარით გაზრდილ დედაქალაქის ბიუჯეტს მივიღებთ, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ ვახტანგ შაქარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული თანხა იმ პროგრამული პრიორიტეტების განხორციელებას მოხმარდება, რაზეც მმართველი გუნდი წინასაარჩევნოდ საუბრობდა.
„ხაზგასმით და ცალსახად აღვნიშნავ, რომ მერიაში დაწყებული სტრუქტურული ცვლილებები და ფუნქციური ოპტიმიზაცია არ იწვევს სახელფასო ფონდის არც ერთი თეთრით ზრდას. რაც შეეხება ბიუჯეტს, 34 მლნ ლარით გაზრდილ ბიუჯეტი მოხმარდება იმ პროგრამული პრიორიტეტების განხორციელებას, რაზეც ჩვენ წინასაარჩევნოდ საზოგადოებას ვესაუბრებოდით. ერთ-ერთი მთავარია სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება. წელსვე ქალაქს დამატებით 100 ახალი ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსი ეყოლება. ეს არის ის პრიორიტეტები და ჩარჩო გეგმა, რაზეც ჩვენ ვესაუბრებოდით საზოგადოებას და წელსვე ჩვენ დავიწყეთ ამ პრიორიტეტების შესრულება. კერძოდ, ბიუჯეტი გავზარდეთ 60 მილიონი ლარით, დღეს სხდომაზე დამატებით 34 მილიონი ლარით გაიზრდება ბიუჯეტი“, – განაცხადა შაქარიშვილმა.
შაქარიშვილი მეტროსადგურების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხის შემცირების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო სწავლობს მდგომარეობას თბილისის ყველა მეტროსადგურში.
„რაც შეეხება მეტროსადგურების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხის 5 მლნ ლარით შემცირების საკითხს, დღეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო სწავლობს მდგომარეობას თბილისის ყველა მეტროსადგურში, როგორც აქამდე ჩატარებული სამუშაოების, ასევე იმ საპროექტო დავალებების ექსპერტიზა ხდება, რომელთა მიხედვითაც უნდა განხორციელებულიყო მეტროსადგურებში სარეაბილიტაციო სამუშაოები. ეს რა თქმა უნდა, მოითხოვს შესაბამის დროს. იქიდან გამომდინარე, რომ არ მომხდარიყო თანხების აუთვისებლობა ჩვენ მოვახდინეთ ასიგნებების ოპტიმიზაცია და თანხების ნაწილი მიემართება ავტობუსების შესასყიდად და წელსვე ჩატარდება მეტროსადგურების რეაბილიტაცია და ამავდროულად შევიძენთ 100 ახალ ავტობუსს, – განაცხადა ჟურნალისტებთან ვახტანგ შაქარიშვილმა.
თბილისის საკრებულო დღეს დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის ცვლილებების პროექტს განიხილავს.