ვატიკანი - გენდერულ იდენტობაზე დებატებმა შესაძლოა, გაანადგუროს ბუნების კონცეფცია და ოჯახის ინსტიტუტის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს
ვატიკანი - გენდერულ იდენტობაზე დებატებმა შესაძლოა, გაანადგუროს ბუნების კონცეფცია და ოჯახის ინსტიტუტის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს

ვატიკანმა გენდერული იდენტობის შესახებ ახალი დოკუმენტი გამოსცა. 31-გვერდიან სასწავლო დოკუმენტში, რომლის სახელწოდებაა „ქალი და მამაკაცი, რომელიც მან შექმნა“, საუბარია თანამედროვე განათლების სისტემაში არსებულ კრიზისზე.

გამოცემაში აღნიშნულია, რომ გენდერული იდენტობის საკითხზე მიმდინარე დებატებმა შესაძლოა, გაანადგუროს ბუნების კონცეფცია და ოჯახის ინსტიტუტის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.

დოკუმენტი კათოლიკური განათლების კონგრეგაციამ გამოუშვა, როგორც სასწავლო ინსტრუქცია მათთვის, ვინც ბავშვებთან მუშაობს. დოკუმენტს არ აქვს რომის პაპ ფრანცისკეს ხელმოწერა, თუმცა ის რომის პაპის ციტატებს მოიცავს.

როგორც „ვატიკანის რადიო“ იუწყება, ახალი დოკუმენტის მიზანია ახალი მეთოდოლოგიის განვითარება, რომელიც ემყარება სამ ძირითად პრინციპს – მოსმენას, განხილვასა და შეთავაზებას.

დოკუმენტის ავტორები გენდერული იდენტობის საკითხზე დიალოგს მხარდაჭერას უცხადებენ. ამავე დროს, გაკრიტიკებულია გენდერის თანამედროვე გაგება, რომლის თანახმადაც გენდერი უფრო კომპლექსურია, ვიდრე სქესების ბინარული დაყოფა. დოკუმენტის თანახმად, ამჟამინდელი თეორიები დაშორდნენ ბუნებას და სანაცვლოდ ეყრდნობიან ადამიანის გრძნობებზე დამყარებულ გადაწყვეტილებებს. ავტორების თქმით, თანამედროვე თეორიის თანახმად, იდენტობა არის ინდივიდის არჩევანი, რომელიც დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს კიდეც.

დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ სწავლება შეთანხმებულად უნდა ეფუძნებოდეს ადამიანის ნამდვილ ბუნებას მკაფიო და დამაჯერებელი ანთროპოლოგიის საფუძველზე, თუმცა, ამავე დროს, გამოცემულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბავშვებსა და ახალგაზრდებს უნდა ასწავლონ ყოველი პიროვნების პატივისცემა, რათა არავინ განიცადოს ბილინგი ან დისკრიმინაციის სხვა ფორმა.

დოკუმენტში ასევე საუბარია მშობლების უფლებებსა და მოვალეობებზე მათი შვილების განათლებასთან დაკავშირებით. ავტორები აღნიშნავენ, რომ ამ უფლებებისა და მოვალეობების სხვებისთვის გადაცემა ან სხვების მიერ უზურპირება დაუშვებელია. ავტორების თქმით, „ბავშვებს აქვთ უფლება, ჰყავდეთ დედა და მამა და სწორედ ოჯახში ბავშვებს შეუძლიათ, გააცნობიერონ სქესობრივი განსხვავებულობის მშვენიერება“.

დოკუმენტი ასევე მოუწოდებს სკოლებს, ჰქონდეთ დიალოგი ბავშვების მშობლებთან ამა თუ იმ ოჯახის კულტურის პატივისცემით. დოკუმენტის თანახმად, აუცილებელია ოჯახს, სკოლასა და საზოგადოებას შორის ალიანსის ჩამოყალიბება, რომელსაც შეეძლება საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა.

ვატიკანის მიერ გამოცემულ დოკუმენტში დიალოგი დასახელებულია როგორც პრობლემებისა და გაუგებრობების პოზიტიური ტრანსფორმაციის ყველაზე ეფექტიანი გზა. ამას გარდა, ვატიკანში მიიჩნევენ, რომ დიალოგის საშუალებით შესაძლებელია ისეთი ურთიერთობების ქსელის ჩამოყალიბება, რომელიც იქნება უფრო ღია და უფრო მეტად ჰუმანური.

ამავე დროს, როგორც გამოცემულ დოკუმენტშია ნათქვამი, იმის მიუხედავად, რომ გენდერის გარშემო დელიკატურ საკითხებთან იდეოლოგიაზე დაფუძნებული მიდგომები ხაზს უსვამენ მრავალფეროვნების პატივისცემას, არსებობს რისკი, რომ მათ ეს განსხვავებები სტატიკურ რეალობად განიხილონ და საბოლოოდ ერთმანეთისგან იზოლირებული დატოვონ.

დოკუმენტი ასევე ხაზს უსვამს კათოლიკური სკოლების „ლეგიტიმურ მისწრაფებებს, შეინარჩუნონ ადამიანის სექსუალობასთან დაკავშირებული საკუთარი ხედვა“.

„ბიბისი“ აღნიშნავს, რომ ვატიკანმა დოკუმენტი „ლგბტ პრაიდის“ თვეში გამოუშვა, რამაც ლგბტ თემის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია.