ვასილ მაღლაფერიძე - საქართველოში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხებზე მუშაობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი პრიორიტეტი ხდება
საქართველოში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხებზე მუშაობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი პრიორიტეტი ხდება,- ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დღეს ეროვნული და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
მაღლაფერიძის განცხადებით, მედია სტრატეგიის ფარგლებში რამდენიმე მიმართულებაა გათვალისწინებული. მისივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი, საქართველში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის ინფორმაციის მათ ენაზე მიწოდებაა.
ვებპლატფორმა უკვე ხელმისაწვდომია შვიდ ენაზე, სულ მალე კი 1tv.ge-ს აპლიკაცია ჩაეშვება, საიდანაც ინფორმაციის გამოწერა მომხმარებლისთვის სასურველ ენაზე იქნება შესაძლებელი.
ამასთან,საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თქმით, იგეგმება აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი რადიო გადაცემების მომზადება.
როგორც ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, პარალელურად, საზოგადოებრივი მაუწყებელი მუშაობას აძლიერებს რეგიონებში, სადაც რელიგიური და ეროვნული უმცირესობების თემაზე მომუშავე ჟურნალისტები შეირჩევიან.
„ჩვენი მრავალფეროვნება ქმნის ერთ დიდ კულტურას, რასაც ჰქვია ქართული სახელმწიფოს სახე და ჩვენ ამას ძალიან დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ. არის ხოლმე საზოგადოების გარკვეულ წრეებში გარკვეული შფოთვები, ჩვენ მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ ამ შფოთვების მოხსნას და იმას, რომ ეს ურთიერთობები იყოს ბუნებრივი”, – აცხადებს ვასილ მაღლაფერიძე.
მემორანდუმზე ისაუბრა სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს კოორდინატორმაც.
„ერთი მიმართულება არის უმრავლესობის ინფორმირებულობა უმცირესობების შესახებ და მეორე მიმართულება არის, ეთნიკური უმცირესობების ინფორმირებულობა მათთვის გასაგებ ენაზე, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე”, – აცხადებს კობა ჩოფლიანი.
ამასთან, მაუწყებელში შეიქმნება მრჩეველთა საბჭოც, რომელიც მემორანდუმის ეფექტურ იმპლემენტაციას შეუწყობს ხელს.