აგიტ მირზოევი - საზოგადოებრივ მაუწყებელსა და ეროვნულ და რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლებს შორის გაფორმებულ მემორანდუმს საზოგადოების ინფორმირებულობის თვალსაზრისით გადამწყვეტი როლი აქვს
აგიტ მირზოევი - საზოგადოებრივ მაუწყებელსა და ეროვნულ და რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლებს შორის გაფორმებულ მემორანდუმს საზოგადოების ინფორმირებულობის თვალსაზრისით გადამწყვეტი როლი აქვს

საზოგადოებრივ მაუწყებელსა და ეროვნულ და რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლებს შორის გაფორმებულ მემორანდუმს საზოგადოების ინფორმირებულობის თვალსაზრისით გადამწყვეტი როლი აქვს, – ამის შესახებ „ჩართულობისა და განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, აგიტ მირზოევმა პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ვისურვებდი, რომ საქართველოს მომავალმა თაობამ იცხოვროს ისეთ საქართველოში, სადაც არცერთ მოქალაქეს არ ექნება განცდა, რომ ის სტუმარია. საზოგადოებრივ მაუწყებელთან შემდგარ შეთანხმებას, საზოგადოების ინფორმირებულობის თვალსაზრისით, გადამწყვეტი როლი აქვს. ამით პროცესს მკვდარი წერტილიდან დავძრავთ. ჩვენ დღეს ვაწესებთ თანამშრომლობის ახალ სტანდარტს. ასევე – საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც აპირებს, მაყურებელს ახალი სტანდარტის ხარისხიანი პროდუქტი შესთავაზოს“, – განაცხადა მირზოევმა.

„სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის, ზაურ ხალილოვის თქმით, ეთნიკურმა უმცირესობებმა და უმრავლესობამ ერთმანეთის შესახებ მაქსიმალური ინფორმაცია უნდა მიიღოს.

„დღეს ეთნიკური უმცირესობები ქართულ მედიასივრცეში არ არიან. ქართული მედია ეთნიკურ უმცირესობებზე უბრალოდ, არ საუბრობს. ხოლო თუ საუბრობს, ხშირად – მათ მიმართ არატოლერანტულ დამოკიდებულებაზე. 20 წელიწადია, რაც მე და ჩემი მეგობრები მუდმივად ვეძებდით ფორმულას, რაც მაქსიმალურად დადებით შედეგს მოიტანდა და რაც, სამოქალაქო ინტეგრაციისთვის ყველაზე ეფექტური იქნებოდა. ყველაზე კარგი, საქმის ერთად კეთებაა. ჩვენ, ყველას ერთად გვინდა, რომ დღეს შევქმნათ დოკუმენტი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტული პრობლემების გადაჭრას კონკრეტულ ვადებში შეძლებს. შემდეგ ეტაპზე სამომავლო გეგმები უნდა დაისახოს, რათა ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლები სხვადასხვა პროგრამებში ჩაერთონ“, – განაცხადა ფონდის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, 16 ნოემბერს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საქართველოს ეროვნული და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანხმდებიან ხანგრძლივ თანამშრომლობაზე და მიზნად ისახავენ თავისუფალი, დემოკრატიული, თანასწორუფლებიანი, სამართლებრივი სახელმწიფოსა და საზოგადოების ჩამოყალიბებაში საქართველოს ეროვნული და რელიგიური უმცირესობების აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას.