არნოლდ სტეფანიანი - საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სტრატეგია ხელს შეუწყობს ეთნიკურ უმრავლესობას, ეთნიკური უმცირესობების შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღოს
არნოლდ სტეფანიანი - საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სტრატეგია ხელს შეუწყობს ეთნიკურ უმრავლესობას, ეთნიკური უმცირესობების შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღოს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სტრატეგია ხელს შეუწყობს ეთნიკურ უმრავლესობას, ეთნიკური უმცირესობების შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღოს, – ამის შესახებ  „მრავალეროვანი საქართველოს“ გამგეობის თავმჯდომარემ, არნოლდ სტეფანიანმა, პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

სტეფანიანმა ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შეცდომა იყო ის, რომ ამ დრომდე ეთნიკურ უმცირესობებთან საუბარი იყო ინტეგრაციაზე, მაგრამ არაფერი იყო ნათქვამი, ეს ინტეგრაცია სად უნდა მოხდეს.

„მათთან რეალურად არავინ არ მუშაობდა. ჩვენ მოდელიც კი არ გვაქვს, თუ რა ტიპის საზოგადოების აშენება გვსურს. ეს არის თურქეთის, ყაზახეთის, შვეიცარიის მოდელი, თუ ახალ მოდელს ვეძებთ. ვფიქრობ, ჩვენ ჩვენი მოდელი უნდა მოვნახოთ, სადაც ყველა თანაბარი იქნება. დღეს ადამიანები სხვა ქვეყნების საინფორმაციო საშუალებაში ცხოვრობენ. არადა, 21-ე საუკუნეა და კომუნიკაციის საშუალება ყველას უნდა ჰქონდეს. ჩვენ ეთნიკურ უმცირესობათა ხუთასი ათასი წარმომადგენელი გვყავს, რომლებიც საზღვრებზე ცხოვრობენ და, რომლებმაც ქართული არ იციან. ისინი პოლიტიკურად ინტეგრირებული არ არიან. მათ ზუგანოვზე გაცილებით მეტი იციან, ვიდრე – ჩვენი, თუნდაც უმაღლესი რანგის პოლიტიკოსზე“, – განაცხადა სტეფანიანმა.

მისი თქმით, ახალი სტრატეგია, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს, ხელს შეუწყობს ეთნიკურ უმრავლესობას, ეთნიკური უმცირესობების შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღოს.

„რეალურად, რეგიონებში ქართული ენა რომ ვერ ვასწავლეთ, ეს იმის გამო, რომ ადამიანებს სტიმულს ვერ ვაძლევთ. არადა, ადამიანს სტიმული სჭირდება. ეს სტიმული მათ, მათ შორის, ტელევიზიით უნდა შევუქმნათ და ამაში საზოგადოებრივი მაუწყებლობის როლი ძალიან დიდი უნდა იყოს. რატომღაც, ყოველთვის ისე გამოდიოდა, რომ მესამე თუ მეოთხე ნაბიჯიდან ვიწყებდით. ვფიქრობ, ჩვენ სწორად ვიწყებთ, როცა საზოგადოებასთან აქტიურ დისკუსიაზე გადავდივართ. უნდა გადავწყვიტოთ, საზოგადოების კონსოლიდაცია როგორ უნდა მოხდეს. ამისათვის, რა თქმა უნდა, საჭიროა ტელევიზია და დღეს, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაწყებული თანამშრომლობა არის ნაბიჯი, რაც ძალიან საჭირო იყო და, რაც ამ თხუთმეტი წლის განმავლობაში ყოველთვის გვაკლდებოდა“, – განაცხადა არნოლდ სტეფანიანმა.

შეგახსენებთ, 16 ნოემბერს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საქართველოს ეროვნული და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანხმდებიან ხანგრძლივ თანამშრომლობაზე და მიზნად ისახავენ თავისუფალი, დემოკრატიული, თანასწორუფლებიანი, სამართლებრივი სახელმწიფოსა და საზოგადოების ჩამოყალიბებაში საქართველოს ეროვნული და რელიგიური უმცირესობების აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას.