ვასილ მაღლაფერიძე - ექსპერტების რჩევაა, ცემენტისა და არმატურის მსგავსად არ შევიძინოთ ფილმი და გადაცემა
ვასილ მაღლაფერიძე - ექსპერტების რჩევაა, ცემენტისა და არმატურის მსგავსად არ შევიძინოთ ფილმი და გადაცემა

ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ექსპერტებმა გვითხრეს, რომ ცემენტისა და არმატურის მსგავსად არ შევიძინოთ ფილმი და გადაცემა, – ამის შესახებ პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მედიის წარმომადგენლებს ხვდება.

“ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ექსპერტებმა გვითხრეს, რომ ცემენტისა და არმატურისგან მსგავსად არ იყიდოთ ფილმი და გადაცემაო. ამის წინააღმდეგი ვართ. თქვენ მომხრე იქნებით, რომ ეს კანონი დარჩეს და გაგრძელდეს ეს პრაქტიკა? მთელი წელი გავდიოდით დეტალებს, შევაჯერეთ შესყიდვების სააგენტოსთან, ყველა იმ ადამიანთან და მივიღეთ ეს კანონპროექტი. ახლა გეტყვით, როგორ არის ევროპის პრაქტიკა, რომლისკენაც სხვადასხვა გზით მივდივართ. ევროპულ პრაქტიკაში არც ცემენტს და არმატურას ათანხმებენ, რადგან ტელევიზია მოქნილი ორგანოა, რადგან მას აკონტროლებს სამეურვეო საბჭო. ჩვენ რომ კამერა შევიძინოთ, ამას სჭირდება ოთხთვიანი პროცედურა, ზოგჯერ ექვსთვიანი, ზოგ რამეს რვათვიანი, როცა სხვა ტელევიზია მაშინვე ყიდულობს”, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძე.

მისივე თქმით, არსებული მექანიზმებით შეუძლებელია ხარისხზე ორიენტირებული გადაცემის ყიდვა.

„იცით, ტელევიზია რა გამოსავალს მიმართავდა? ზოგმა იცის, ზოგმა არ იცის, არცოდნა არცოდვაა. ტელევიზია თანამშრომლებლად აფორმებდა კანონიერად და შიდა წარმოებაში ხსნიდა გადაცემას, რადგან გარედან ფირმისგან და სტუდიისგან ვერ ყიდულობდა. ეს ფორმა საქართველოში არსებობდა მაუწყებელთან დაკავშირებით, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი შემსყიდველია, რომლის ერთ-ერთი ვალდებულებააა, რომ ის ფული, რომელიც ბიუჯეტიდან მიდის, ისევ ეკონომიკაში დააბრუნოს ამ გზით და განავითაროს სტუდიები. ამას ვამბობთ, რომ ჩვენ გვინდა გარეთ გატანა და სტუდიების განვითარება. ვინც ამ საკითხში ჩახედულია და ამას აქამდე არ აყენებდა, ეს იყო არასწორი. 25% არის მინიმუმი, რომელიც გარეთ უნდა გავიტანოთ. ახლა იქნება შესაძლებელი, რომ გარეთ შევუკვეთოთ. დღევანდელი კანონმდებლობით, მაუწყებელი ფირმისგან ვერ შეისყიდის გადაცემას მხოლოდ ფასით, ამიტომ შიგნით შემოდის. ეს პრაქტიკა არსებობდა და იყო კორუფციის და ყველა უბედურების სათავე. ამას ვასწორებთ ახლა. არცერთ საჯარო დაწესებულებას ეს პრობლემა არ აქვს, აქვთ უნივერსიტეტებს და ალბათ თეატრებს. მაგრამ საუბარი იმაზე, რომ არავინ გააკეთა და ჩვენც არ გავაკეთოთ, მართებული არ არის”, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

მისივე თქმით, ხშირად ადამიანები უშვებენ შეცდომას, თითქოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მთლიანად ითხოვს სახელმწიფო შესყიდვებიდან გათავისუფლებას.

„დღეს ყველა მედიასაშუალება თავისუფალია შესყიდვების კანონიდან, ყიდულობს ისე, როგორც ჩათვლის საჭიროდ – მოუნდება ტელეფონი, იყიდის ხვალ ტელეფონს, მოუნდება კომპიუტერი, იყიდის კომპიუტერს, მოუნდება გადაცემა, შეიძენს გადაცემას”, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ითხოვს „სახელმწიფო შესყიდვების“ შესახებ კანონით დადგენილი ვალდებულებებისგან გათავისუფლდეს მხოლოდ შემოქმედებით პროდუქციასთან დაკავშირებით და არა სხვა ნაწილში.

„ბატონმა პრეზიდენტმა შეხვედრის დროს თქვა, რომ ეს არის პრობლემა და თავადაც ხშირად წაწყდომია ამ პრობლემას. მან ასევე თქვა, რატომ თავისუფლდება მარტო საზოგადოებრივი მაუწყებელი, ყველა ორგანიზაცია უნდა გათავისუფლდესო. ჩვენ მაშინაც ვთქვით, კი, ბატონო, ეს ეხება ალბათ თეატრებს და სხვ. რაც შეეხება კერძო ტელევიზიებს, ეს პრობლემა მათ საერთოდ არ უდგათ, ისინი თავისუფლად ყიდულობენ. თუ რომელიმე თქვენგანი ახლა დაასაბუთებს რაიმე ფორმით, რომ შემოქმედებითი პროდუქცია უნდა იყოს ტენდერით შეძენილი, ოღონდ მას კარგად ეცოდინება ტენდერის პროცედურები, კი, ბატონო. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არ იჩქაროთ. ჩვენც არ ვიცოდით, ამას ვითხოვდით ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, რომ არ შეიძლება გადაცემა იყიდო ტენდერით, რომელშიც წყვეტს ფასი. აღმოჩნდა, რომ ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ევროკავშირის მოთხოვნებში 2019 წლიდან ისედაც დევს ეს მოთხოვნა, ამაზე იმსჯელეს უკვე, ველოსიპედს ხომ არ გამოვიგონებთ საქართველოში. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველოში გადაცემა და ფილმი არ ვიყიდოთ ფასით, ამის კრიტერიუმი არ არსებობს. სხვა ტელევიზიას ეს პრობლემა არ უდგას, ჩვენ გვიდგას. ვის დასჭირდება ეს კანონი? ალბათ დასჭირდება თეატრებს, შემოქმედებით ორგანიზაციებს, უნივერსიტეტებს და ა.შ. რომლებმაც უნდა შეიძინონ პროდუქცია. ვინც ამ სფეროში ჩახედულია, იმედია, იცის, რომ ეს არის რთული პრობლემა. მე ვფიქრობ, რომ ეს კანონი ძალაში თუ შევა და მე იმედი მაქვს, რომ შევა, ეს იქნება გარკვეულწილად ხიდი სხვა ორგანიზაციებისთვის და 2019 წელს მათთვისაც გასწორდება.