ვაშლოვანის ეროვნული ნაკრძალის დაცულ ტერიტორიაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილამდე შეჩერდა
ვაშლოვანის ეროვნული ნაკრძალის დაცულ ტერიტორიაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილამდე შეჩერდა

არასაკმარისი ხილვადობისა და რთული რელიეფის გამო, ვაშლოვანის ეროვნული ნაკრძალის დაცულ ტერიტორიაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილამდე შეჩერდა.

როგორც დედოფლისწყაროს მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა განაცხადა, მონიტორინგის მიზნით, ცეცხლის კერის ადგილზე რჩებიან რეინჯერებისა და მეხანძრე მაშველების მცირე ჯგუფი.

მისივე ინფორმაციით, ხვალ დილიდან ხანძრის ქრობაში დამატებითი ძალები და ავიაცია ჩაერთვება.

არსებული ინფორმაციით, დაცულ ტერიტორიის ერთ ჰექტრამდე ფართობზე იწვის უნიკალური ენდემური ჯიშის ხეები.

ხანძარი ვაშლოვანის ნაკრძალში გუშინ, დღის მეორე ნახევარში, მეხის დაცემის შედეგად გაჩნდა.

ვაშლოვანის ეროვნული ნაკრძალის წარმომადგენლების თქმით, რთულად მისადგომ რელიეფზე სახანძრო დანიშნულების ტექნიკის მობილიზება ვერ მოხერხდა.

მათივე ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა და რეინჯერებმა სამი კილომეტრის დაშორებით, ხანძრის ადგილას ფეხით მისვლა მოახერხეს, თუმცა ხანძრის ლოკალიზება დაღამებამდე შეუძლებელი აღმოჩნდა.