ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ანტონიუ გუტერეშმა მოსკოვიდან მუქარის გამო კიევში არ გააგზავნა სპეციალური ჯგუფი, რომელსაც ირანის მიერ რუსეთისთვის დრონების მიწოდების საკითხი უნდა შეესწავლა
აშშ-მა გაერო-ს გენერალური მდივანი რუსეთის მუქარის ფონზე დათმობაზე წასვლაში დაადანაშაულა.
როგორც ვაშინგტონში განაცხადეს, ანტონიუ გუტერეშმა მოსკოვიდან მუქარის გამო არ გააგზავნა სპეციალური ჯგუფი კიევში, რომელსაც ირანის მიერ რუსეთისთვის საბრძოლო დრონების მიწოდების საკითხი უნდა შეესწავლა.
„ვწუხვართ, რომ გაერო-მ არანაირი ნაბიჯი არ გადადგა ნორმალური გამოძიების ჩასატარებლად. ჩვენ იმედგაცრუებული ვართ, რომ გაერო-ს გენერალური მდივანი დაემორჩილა რუსეთის მუქარას, არ შეასრულა გამოძიების ჩატარების მანდატი, რასაც მას უშიშროების საბჭო ანიჭებს“, – განაცხადა გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, რობერტ ვუდმა.
დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და უკრაინა ამტკიცებენ, რომ რუსეთისთვის ირანული უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდება წარმოადგენს გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ 2015 წელს მიღებული რეზოლუციის დარღვევას.
აღნიშნულ სახელმწიფოებს სურთ, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა კიევში საგამოძიებო ჯგუფი გააგზავნოს. ირანი რუსეთისთვის საბრძოლო დრონების მიწოდების ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. თეირანში ამტკიცებენ, რომ დრონების ნაწილი მათ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე მიაწოდა და ეს არ წარმოადგენდა გაერო-ს რეზოლუციის დარღვევას. უკრაინა და სხვა ქვეყნები ირანს რუსეთისთვის საბრძოლო „კამიკაძე დრონების“, „შაჰედ-136“-ების მიწოდებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ რუსეთი მათ შემდეგ რუსული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატ „გარან-2“-ებად ნიღბავს. მოსკოვში ამ ბრალდებას უარყოფენ და ამბობენ, რომ უკრაინაში საკუთარი წარმოების დრონებს იყენებენ.