ვაშინგტონ „რედსკინსი“ სახელს იცვლის
ვაშინგტონ „რედსკინსი“ სახელს იცვლის

„ენ-ეფ-ელ“-ში (NFL) მოასპარეზე ამერიკული ფეხბურთის გუნდი ვაშინგტონ „რედსკინსი“ (წითელკანიანები) სახელს და ლოგოს დაუყოვნებლივ ცვლის. ათწლეულებია, რაც გუნდს იმის გამო აკრიტიკებენ, რომ მისი სახელი ძირძველ ამერიკელებს, ანუ ინდიელებს შეურაცხყოფს. ერთ-ერთი უძველესი კლუბის ახალ სახელს უახლოეს მომავალში შეარჩევენ, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია. ამჟამად, აშშ-ში წერენ, რომ კლუბის სახელის შეცვლა დადებითი მოვლენაა, რადგან ის საზოგადოებას ურთიერთსაწინააღმდეგო დაჯგუფებებად ყოფდა.

ორი კვირის წინ გუნდის მფლობელმა დენ სნაიდერმა, რომელიც კლუბს ბავშვობიდან გულშემატკივრობს და ადრე განაცხადა, რომ სახელს არასდროს შეცვლიდა, საკითხის განხილვა სპონსორებისგან ზეწოლის გამო გადაწყვიტა. ​„ფედექსი“, „ნაიკი“, „პეპსი“ და ამერიკის ბანკი – ეს არასრული ჩამონათვალია იმ კომპანიებისა, რომლებიც კლუბს გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, გუნდის ლოგოზე თავად სნაიდერი და ამჟამინდელი მწვრთნელი რონ რივერა მუშაობენ.