ქართველი სპორტსმენები ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიაში ჩაერთნენ
ქართველი სპორტსმენები ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიაში ჩაერთნენ

ამერიკული ფეხბურთის ფედერაცია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას შეუერთდა. ვაზისუბნის სარაგბო ბაზაზე, ეროვნული ჩემპიონატის ფინალის დასრულების შემდეგ, სადაც ერთმანეთს „თბილისის ჯვაროსნები“ და „რუსთავის ფოლადი“ დაუპირისპირდა, სპორტსმენებმა დაგმეს ოჯახში და გენდერული ნიშნით გამოხატული ძალადობა.

„ქართველი სპორტსმენები საზოგადოებას ამ პრობლემის გადასაჭრელად მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ, ძალადობის ყველა მსხვერპლს კი მიმართავენ, არ შეეგუონ ძალადობას და მიმართონ სახელმწიფოს დასახმარებლად.

სპორტი, სოციალური ბუნებიდან გამომდინარე, გმობს და ეწინააღმდეგება ყოველგვარ ჩაგვრასა და ძალადობას, რასაც ქართველი სპორტსმენები ყოველწლიურად ადასტურებენ. 10 დეკემბრამდე კამპანიაში ჩაერთვებიან ფეხბურთელები, კალათბურთელები, ხელბურთელები, მოჭადრაკეები – სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები, რომლებიც დაგმობენ ოჯახში და გენდერული ნიშნით ძალადობას და საზოგადოებას აღნიშნულ პრობლემის შეურიგებლობისკენ მოუწოდებენ.

პანდემიის მიუხედავად, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტად რჩება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი მსოფლიო მასშტაბის კამპანია, 1991 წლიდან დღემდე, ყოველწლიურად, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იმართება“, – ვკითხულობთ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის პრეს-რელიზში.

დატოვე კომენტარი