„ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ „შაჰედების“ წარმოებაში ირანისა და რუსეთის თანამშრომლობის შესახებ მტკიცებულებები მიიღო
„ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ მიიღო მტკიცებულებები „შაჰედების“ წარმოებაში ირანისა და რუსეთის თანამშრომლობის შესახებ. გამოცემა წერს, რომ დოკუმენტები, რომლებიც მიიღეს ქარხნის ერთ-ერთი თანამშრომლისგან, მოიცავს 2022 წლის ზამთრიდან 2023 წლის გაზაფხულამდე პერიოდს და მიუთითებს რუსეთსა და ირანს შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე, რასაც ირანი კატეგორიულად უარყოფს.
როგორც გამოცემა წერს, ირანმა რუსეთს გაუზიარა დოკუმენტაცია და საკუთარი კომპონენტები „შაჰედების“ წარმოებისთვის და რუსულმა მხარემ ამის საფუძველზე უნდა განაახლოს წარმოება საკუთარ ქვეყანაში. ქარხნის საწარმოო გეგმა, დოკუმენტების მიხედვით, სამ ეტაპად უნდა განხორციელდეს.
გამოცემაში აღნიშნულია, რომ პირველ ეტაპზე ირანი რუსეთს აწვდის დრონებს დაშლილ მდგომარეობაში და შემდეგ ხდება მათი აწყობა. მეორე ეტაპზე რუსეთი „შაჰედების“ ქარხნის საკუთარ წარმოებას დაიწყებს, ხოლო ელექტრონიკისა და ძრავების იმპორტი გაგრძელდება. მესამე ეტაპი არის ირანისთვის მინიმალური დახმარების გაწევა და 4000-ზე მეტი თვითმფრინავის წარმოება, რომელიც რუს სამხედროებს 2025 წლის სექტემბრისთვის გადაეცემათ.
გამოცემა წერს, რომ რუსეთის ყველაზე დიდი პრობლემა ელექტრონიკის ნაკლებობაა, რომელიც დასავლეთში იწარმოება. „ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, რუსულმა მხარემ ელექტრონიკის ნაწილი მიიღო, სავარაუდოდ, იმპორტით, სანქციების გვერდის ავლით, ზოგიერთი კომპონენტის შეტანა მოხდა ბელარუსში, კერძოდ, ჩინეთის დახმარებით, მაგრამ ჯერ კიდევ არის პრობლემები ძრავების წარმოებასთან დაკავშირებით.
„ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში, კიევის შეფასებით, რუსეთმა დაახლოებით 600 „შაჰედი“ გაუშვა უკრაინის მიმართულებით და მათი ნაწილი მაინც დამზადდა რუსულ ქარხანაში.
მანამდე, აპრილში აშშ-მა გამოაქვეყნა სატელიტური გამოსახულება დრონების მწარმოებელი ქარხნის დაგეგმილი ადგილმდებარეობის შესახებ, რომელიც მდებარეობს რუსეთის ალაბუგას სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში, მოსკოვიდან აღმოსავლეთით, დაახლოებით 960 კილომეტრის დაშორებით. აშშ-ის დაზვერვა თვლის, რომ როგორც კი რუსეთში „შაჰედის“ თვითმფრინავების ქარხნის მშენებლობა დასრულდება, ამან, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს უკრაინის ომზე.