ვარშავაში სმოლენსკის ავიაკატასტროფის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა
ვარშავაში სმოლენსკის ავიაკატასტროფის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა. მემორიალი პოლონეთის დედაქალაქის ცენტრში პილსუდსკის მოედანზე დგას.
მისი მთავარი ელემენტი გრანიტის კონსტრუქციაა თვითმფრინავის ტრაპის მაგვარი კიბით. მემორიალზე ავიაკატასტროფის 96 მსხვერპლის სახელია ამოტვიფრული.
ძეგლის გახსნის ცერემონიას პოლონეთის პრეზიდენტი, პრემიერი, მმართველი პარტიის ხელმძღვანელი, პარლამენტის ორივე პალატის სპიკერები, მინისტრები და სხვა მაღალჩინოსნები, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სმოლენსკის ავიაკატასტროფას მსხვერპლთა ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
დღეს პოლონეთში ტრაგედიის მერვე წლისთავთან დაკავშირებით სამგლოვიარო ღონისძიებები იმართება. საღამოს კი ვარშავაში „ხსოვნის მარშია“ დაგეგმილი.
ტუ-154-ის ტიპის თვითმფრინავმა, რომლის ბორტზე პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე და სამთავრობო დელეგაცია იმყოფებოდნენ, სმოლენსკის აეროდრომთან კატასტროფა 2010 წლის 10 აპრილს განიცადა.
ბორტზე მყოფი 96-ვე მგზავრი დაიღუპა. პოლონეთის სამთავრობო დელეგაცია სმოლენსკში კატინის ტრაგედიისადმი მიძღვნილ სამგლოვიარო ღონისძიებაზე მიემგზავრებოდა.
ავიაკატასტროფის პირველადი გამოძიების შედეგად, ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ეკიპაჟი თვითმფრინავის დასმას ნისლში ცდილობდა, რა დროსაც მისი ფრთა ხეს გამოედო.
2015 წელს პოლონეთის ხელისუფლებაში მოსულმა “კონსერვატიულმა პარტიამ” 2010 წლის ავიაკატასტროფის გამოძიება განაახლა.
დღეს სმოლენსკის ავიაკატასტროფის გამოძიებაზე მომუშავე კომისიის თავმჯდომარემ, ანტონ მაცერევიჩმა განაცხადა, რომ ტუ-154-ის მგზავრების გარდაცვალების მიზეზი ბორტზე მომხდარი აფეთქება გახდა.