ვარლამ გოლეთიანი - საკითხების ასე განხილვა, რომ ჩვენ ვართ „ვაი პატრიოტები“ და არ გვინდა ქვეყნის განვითარება, არაადეკვატური შეფასებაა, რაზეც საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაქცია
საკითხების ასე განხილვა, რომ ჩვენ ვართ „ვაი პატრიოტები“ და არ გვინდა ქვეყნის განვითარება, ვფიქრობ, არაადეკვატური შეფასებაა, რაზეც საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაქცია, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადებებით გამოიკვეთა, რომ ხელშეკრულება შესასწავლია და ხარვეზებს შეიცავს.
„პრემიერის განცხადებები ბოლო პერიოდში არის ერთმანეთს აცდენილი. პირველ შემთხვევაში მან თქვა, რომ ეს არის ინსპირირებული გარე ძალებიდან და აბსოლუტურად უხარვეზოა პროცესი. ეს იყო მისი დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ, საკმაოდ მწვავე შეფასებები გააკეთა ჩვენ მიმართ, თითქოს ჩვენ ვართ მარგინალური, ბნელი ექსტრემისტული ძალა. დღევანდელი განცხადებით გავიგეთ, რომ ხელშეკრულება გადაუგზავნეს შესასწავლად იუსტიციის სამინისტროს, რომელმაც ერთხელ უკვე გაატარა ეს ხელშეკრულება.
პრემიერის განცხადებაში გამოიკვეთა, რომ შესასწავლია ხელშეკრულება და მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს. „ვაი პატრიოტიზმში“ ვფიქრობ, უფრო ხელისუფლებას უნდა განვიხილავდეთ, ხეობას ხელისუფლება ყიდის და რესურსებს ასხვისებს. უგულებელყოფილია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და ის, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ვიცავთ, იმ ფონზე, რომ აგორებულია ჩვენზე დიდი შავი პიარკამპანია.
საკითხების ასე განხილვა, რომ ჩვენ ვართ „ვაი პატრიოტები“ და არ გვინდა ქვეყნის განვითარება, ვფიქრობ, არაადეკვატური შეფასებაა. ამაზე საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაქცია. მოსახლეობას მოვუწოდებთ, შემოგვიერთდეს. ვერავინ დადო დამადასტურებელი, რომ ჩვენი პროცესი არის ხელოვნურად მართული. ეს ბრძოლა ხუთი კაცის დაწყებულია. ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების პოზიციას, ანუ გადაწყვეტის ნაწილში, ის, რომ არაფრის ცვლილებას არ აპირებენ, ფაქტია. ამიტომ, საჭიროა, საზოგადოების გაერთიანება უსამართლობის წინააღმდეგ. ამიტომ, გადავალთ ქმედების ფორმებზე, რომელიც აიძულებს ხელისუფლებას, ეს არასწორი დამოკიდებულება შეცვალოს, მსვლელობა, პიკეტირება. გადაიკეტება ქუჩები და პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე საკითხი არ გადაწყდება საზოგადოების სასარგებლოდ“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორებს მიმართა და გონიერებისკენ მოუხმო. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ულტიმატუმით საუბარი მიუღებელია, სახელმწიფო იმართება კანონითა და კონსტიტუციით.
„რაც შეეხება ულტიმატუმის ენით საუბარს, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ეს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ულტიმატუმით საუბარი არის ბნელი 90-იანი წლების გადმონაშთი. კარგად გვახსოვს, ის ბნელი პერიოდი, როცა ამ რაღაც ვითომ პატრიოტიზმით ეგიდით და საფარქვეშ ყველა აქტივისტი იყო „ძალიან კარგი სპეციალისტი“ ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, რკინიგზის და ა.შ. შედეგად რაც მივიღეთ, კარგად მოგეხსენებათ. მივიღეთ სამოქალაქო ომი, დავანგრიეთ ჩვენ თვითონ ქვეყანა, დავშალეთ ქარხნები, ფაბრიკები და მთლიანად ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციაც სწორედ იმ დროინდელი პოლიტიკის შედეგია. დავკარგეთ მიწა-წყალი. აქედან გამომდინარე, მინდა, ყველა ამ ადამიანს მივმართო და მოვუხმო გონიერებისკენ. სახელმწიფო იმართება კანონით და კონსტიტუციის ფარგლებში. ვინც გადავა კანონის ფარგლებს მიღმა, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია თბილისში გუშინ გაიმართა. აქციის მონაწილეებმა პირველი რესპუბლიკის მოედანზე, გზის სავალ ნაწილზე კარვები გაშალეს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, 24 მაისის 12:00 საათამდე დაელოდებიან ხელისუფლების გადაწყვეტილებას მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით. რაც შეეხება მოთხოვნებს, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, კომპანია „ენკამ“ უნდა დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან კომპანიის მისამართითაა გაცემული. მისივე თქმით, ასევე მოთხოვნებს შორისაა ეკონომიკის მინისტრის გადადგომა, ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ამ პროექტში და ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადება. ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, დედაქალაქის პარალიზებას მოახდენენ.
ამასთან, კომპანია „ენკამ“ განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს დიალოგს სთავაზობს.