ვარლამ გოლეთიანი - ჩვენი ბრძოლა სამართლიანი და არგუმენტირებულია, თუ არ იქნება ადეკვატური პასუხი, პროტესტი გაგრძელდება
დედაქალაქის მოსახლეობას მოვუწოდებთ, დილიდან შემოგვიერთდნენ, რათა დაველოდოთ პასუხს და ნების გამოხატვას ხელისუფლებისგან, რამდენად აპირებენ, რომ შესრულდეს მოთხოვნები, რა მოთხოვნებიც დავაყენეთ გუშინ, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.
„მოთხოვნების არ შესრულების შემთხვევაში, ბუნებრივია, როგორც ვთქვით, გავაკეთებთ მსვლელობებს და სხვადასხვა ადგილების პიკეტირებას მოვახდენთ. ესაა ჩვენი გეგმა. კონკრეტულად საით დავიძრებით, რას გადავკეტავთ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ დავიძრებით. არაერთხელ გვითქვამს, რომ კომპანია „ენკა“ და მისი წარმომადგენლობა არ არიან ჩვენი კითხვების ადრესატი. კითხვები გვაქვს უშუალოდ ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ამდენი ხანია, ხელისუფლებას პასუხები არ აქვს. ეს დიალოგის სივრცე რომ ამოიწურა, ამიტომ ვართ აქ. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ჯანსაღი დიალოგით მომხდარიყო ჩვენი კომუნიკაცია. ცალსახაა, რომ ხელისუფლება არ გეგმავს არანაირ კომუნიკაციას. ამიტომ ჩვენ გადავედით აქციის ამ ფორმაზე. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება, მოლოდინებზე მათ უნდა იდარდონ. რამე განსაკუთრებული მოლოდინი არ გვაქვს. ნახევარი წელი გავიდა და რამე მოლოდინით არ ვცხოვრობთ. ვიცით, რომ სამართლიანი და არგუმენტირებული ბრძოლაა, მივყვებით ამ ბრძოლას და თუ არ იქნება ადეკვატური პასუხი, ეს პროტესტი გაგრძელდება“,- განაცხადა გოლეთიანმა.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია თბილისში გუშინ გაიმართა. აქციის მონაწილეებმა პირველი რესპუბლიკის მოედანზე, გზის სავალ ნაწილზე კარვები გაშალეს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, 24 მაისის 12:00 საათამდე დაელოდებიან ხელისუფლების გადაწყვეტილებას მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით. რაც შეეხება მოთხოვნებს, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, კომპანია „ენკამ“ უნდა დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან კომპანიის მისამართითაა გაცემული. მისივე თქმით, ასევე მოთხოვნებს შორისაა ეკონომიკის მინისტრის გადადგომა, ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ამ პროექტში და ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადება. ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, დედაქალაქის პარალიზებას მოახდენენ.
ამასთან, კომპანია „ენკამ“ განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს დიალოგს სთავაზობს.