ვარლამ გოლეთიანი - ჩვენ არ ვაპირებთ, დავიძრათ თავისუფლების მოედნის მიმართულებით და ხელი შევუშალოთ 26 მაისის ღონისძიებას
„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა 26 მაისთან დაკავშირებით გაკეთებულ გუშინდელ განცხადებაზე განმარტება გააკეთა.
მისი თქმით, არავინ აპირებს 26 მაისის ღონისძიების ჩაშლას, უბრალოდ მიაჩნიათ, რომ როდესაც ხელისუფლება სახელმწიფო ინტერესებს თმობს, მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე ხელისუფლების წარმომადგენლების მოსასმენად არ უნდა მივიდნენ.
გოლეთიანის განმარტებით, აქციის მონაწილეები არ აპირებენ, თავისუფლების მოედნის მიმართულებით დაიძრან და ხელი შეუშალონ ღონისძიებას.
„რაც შეეხება 26 მაისს და იმას, თითქოს ჩვენ 26 მაისის ჩაშლას ვაპირებთ, რა თქმა უნდა, არავინ გეგმავს, რომ ჩვენ გადავინაცვლებთ იქ და ღონისძიებას შევუშლით ხელს. ეს არ იყო ნაგულისხმევი ჩემს სიტყვებში, რასაც მოყვა დიდი სპეკულაცია ამ მიმართულებით, თითქოს ხელს ვუშლით ღონისძიების ჩატარებას. საუბარია იმაზე, რომ როდესაც ხელისუფალი ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს თმობს, ვის სასარგებლოდ ეს ჯერ კიდევ გაუგებარია და არაა ეროვნული ინტერესების გამტარი, არ ითვალისწინებს სახალხო ნებას, უბრალოდ, გაუგებარია, რატომ უნდა მივიდეს ამ ჩინოვნიკის მოსასმენად კონკრეტულად თავისუფლების მოედანზე ადამიანი.
ჩვენ უბრალოდ საკითხი დავაყენეთ ასე: თუ აქ ვიკრიბებით იმისთვის, რომ პრეტენზია გვაქვს ხელისუფლებასთან, რომელიც აფორმებს ისეთი ტიპის ხელშეკრულებას, რომელიც თმობს ჩვენს სახელმწიფოებრივ, ეროვნულ ინტერესებს, და ამას ჩვენ ვასაბუთებთ და ვადასტურებთ მათ შორის იგივე იუსტიციის სამინისტროს შეფასებებით, მაშინ გაუგებარია, რატომ უნდა გვინდოდეს ჩვენ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის მომენტში ამ ადამიანების მოსმენა. მხოლოდ ეს იყო აღნიშნული იმ ნაწილში, როცა ვთქვით, რომ მოვიდნენ ადამიანები აქ და არ მივიდნენ ამ შემთხვევაში თავისუფლების მოედანზე.
რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ დავიძრათ იმ მიმართულებით და ხელი შევუშალოთ ღონისძიებას. შეუძლიათ, ჩვეულებრივად მართონ ის პროცესი, რასაც მართავენ. ჩვენ ამ ნაწილში არ ვებრძვით ხელისუფლებას და აქ რევულუციის მოსაწყობად არ ჩამოვსულვართ. ვასაბუთებთ, რა ნაწილშიც არის ჩვენი პრეტენზია მიმართული ხელისუფლებისკენ და ჩვენ, როგორც საზოგადოება, ვერ მივალთ მათ მოსასმენად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფლება და დამოუკიდებლობა ჩვენი საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.