ვარკეთილში დაჭრილი ერთ-ერთი მძღოლის მდგომარეობა კრიტიკულია და ის კვლავ მართვით სუნთქვაზეა, – ამის შესახებ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა კონსანტინე მუმლაძემ პირველ არხს განუცხადა.
„პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა. ოპერაციისის შემდეგ ის მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში მართვის სუნთქვაზე. მამაკაცს ერთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. შემოყვანისას გამოხატული იყო ტრავმულ-ჰემორაგიული შოკი. მუცლისღრუში მამაკაცს შემავალი ჭრილობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და შინაგანი სისხლდენა აღენიშნებოდა. ჩაუტარდა სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნური ჩანაცვლება“, – განაცხადა კონსტანტინე მუმლაძემ.
ავტობუსის მძღოლებს შორის 7 მარტს მომხდარი დაპირისპირების შედეგად რამდენიმე მათგანი დაიჭრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 7 მარტს, საღამოს, თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე, N150 ავტობუსის მძღოლები კვების ერთ-ერთ ობიექტში იმყოფებოდნენ. ობიექტიდან გამოსვლის შემდეგ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ მძღოლებს ავტობუსში ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ.
„გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ერთ-ერთმა მძღოლმა – 1960 წელს დაბადებულმა ი.ჩ.-მ, ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა თანმხლებ პირებს – ამავე ავტობუსის მძღოლებს: 1977 წ.დ. ა. ზ-ს, 1965 წ.დ. გ. კ-ს, 1967 წ.დ. ვ. ი.-ს და 1961 წ.დ. გ. კ.-ს, რის შემდეგაც თვითდაზიანება მიიყენა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა. პოლიციამ იგი ადგილზევე დააკავა და საავადმყოფოში გადაიყვანა.
ინციდენტში მონაწილე ყველა მძღოლი იდენტიფიცირებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.