„ვარდების რევოლუციის“ მოედანს შესაძლოა, სახელი გადაერქვას
„ვარდების რევოლუციის“ მოედანს შესაძლოა, სახელი გადაერქვას

თბილისის საკრებულო ახალი ინიციატივით გამოდის, რომლის თანახმადაც, „ვარდების რევოლუციის“ მოედანს შესაძლოა, სახელი გადაერქვას და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელი ეწოდოს.

„თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გამოდის ინიციატივით, რომ „ვარდების რევოლუციის“ მოედანს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მოედანი ეწოდოს.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, 26 მაისი და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილე ჩვენი ქვეყნის და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია.

სწორედ ამიტომ თბილისის საკრებულოს ინიციატივაა, რომ დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ მოედანს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელი ეწოდოს“, – აცხადებენ თბილისის საკრებულოში.

საკრებულოში განმარტავენ, რომ აღნიშნულ ინიციატივას 2 მაისს თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე განიხილავენ. გარდა ამისა, კომისიის წევრები რიგი ქუჩებისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმომწერ საზოგადო მოღვაწეთა სახელების მინიჭების შესახებ იმსჯელებენ.