ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრა 50 წლის ზემოთ ადამიანებს და მაღალი რისკის ჯგუფში მყოფ პირებს მეორე აცრიდან ექვს თვეში შეეძლებათ
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრა 50 წლის ზემოთ ადამიანებს და მაღალი რისკის ჯგუფში მყოფ პირებს მეორე აცრიდან ექვს თვეში შეეძლებათ.
ამის შესახებ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
თამარ გაბუნიას განმარტებით, თუ პირი აცრილია „სინოვაკისა“ ან „სინოფარმის“ ვაქცინით, ბუსტერ დოზის გაკეთება შეეძლება როგორც „ფაიზერის“, ასევე ჩინური ვაქცინებითაც, ხოლო თუ მოქალაქე აცრილია „ასტრაზენეკათი“, ბუსტერ დოზის გაკეთება შეეძლება „ფაიზერის“ ვაქცინით.
„ცვლილებები, რაც შეეხება ვაქცინაციის პროგრამას, არის ბუსტერი დოზის დაშვება ექვსი თვის შემდეგ 50 წლის ზემოთ პირებში, ვისაც აქვს რაიმე ქრონიკული დაავადება, მათ შორის ორგანოგადანერგილი პირებისთვის და იმუნური სისტემის შესუსტებით მიმდინარე დაავადებების მქონეებისთვის. პირებს, რომელთაც უკვე ჩატარებული აქვთ ორი დოზა ნებისმიერი ვაქცინით, მეორე აცრის ჩატარებიდან ექვს თვეში შეუძლიათ, ჩაიტარონ ბუსტერ დოზა. თუ პირი მანამდე აცრილი იყო „სინოვაკით“ ან „ინოფარმით“, ბუსტერ დოზა ჩაუტარდება როგორც „ფაიზერის“, ასევე „სინოფარმის“ ან „სინოვაკის“ ვაქცინით, მაგრამ ბუსტერი დოზა არ ტარდება „ასტრაზენეკათი“. ამ შემთხვევაში, „ასტრაზენეკათი“ აცრილ პირებს შეუძლიათ, ბუსტერ დოზა ჩაიტარონ „ფაიზერის“ ვაქცინით. პირველი კოჰორტა, ვისაც მოუწევს ბუსტერი დოზის ჩატარება – უკვე ოქტომბრის ბოლოს შეეძლება გაკეთება, თუ აკმაყოფილებს კრიტერიუმებს და მისთვის ნაჩვენებია ბუსტერი დოზის ჩატარება. რა თქმა უნდა, ეს შეეხება სამედიცინო პერსონალს და მაღალი რისკის პროფესიონალებს, ვინც მუშაობენ დახურული ტიპის დაწესებულებებში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.