ვანში გიგი უგულავას საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ვანში გიგი უგულავას საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვანში, „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიგი უგულავას საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

„მომხდარის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება. შეტყობინების მიღებისთანავე, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ერთიდან სამ წლამდე. აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები“, – განუცხადეს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

გიგი უგულავას ბანერზე კანდიდატის გამოსახულებას თავი აქვს ამოჭრილი. მომხდარის შესახებ დღეს, დილით გახდა ცნობილი.

ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. მოქალაქეები 54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტში ვანისა და ხონის მაჟორიტარს ირჩევენ.

54-ე საარჩევნო ოლქში 60 საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც 48 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

28 აპრილის შუალედურ არჩევნებში ხუთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ დასახელებული და ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობენ:

2. „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ – გიორგი უგულავა
17. „საქართველო“ – გიორგი ლილუაშვილი
21. „ტრადიციონალისტები“ – ზურაბ ქართველიშვილი
23. „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ – მამუკა ტუსკაძე
41. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“  – გივი ჭიჭინაძე
42. საინიციატივო ჯგუფი (სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა) – ვასილ კოპალიანი.