ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი ინგლისური კომპანიის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნას გაასაჯაროებს
ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი დღეს კიდევ ერთი ექსპერტიზის დასკვნას გაასაჯაროებს.
ჩხარტიშვილის უფლებადამცველის განცხადებით, დასკვნა, რომელიც ინგლისურმა კომპანიამ, DILIGENCE–მა ჩაატარა, კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ „იბერიასა“ და „რუსთავი ორის“ ეთერში ვანო ჩხარტიშვილის შესახებ გავრცელებული ჩანაწერები მონტაჟია.
„დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში მოხდება უპრეცედენტო ფაქტი. ჩვენ წარმოვადგენთ ექსპერტიზის დასკვნას, რომელსაც ანალოგი არ აქვს ქართულ სამართალწარმოებაში. ეს არის ინგლისური ფირმა, DILIGENCE-ი, დიდი ოთხეული მსოფლიოსი. ამ დასკვნის გასაჯაროების შემდეგ, ზაზა ოქუაშვილის მასხარაობა დასრულდება. მთელი საზოგადოება გაიგებს, რომ მსოფლიოს დიდი ოთხეულის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ზაზა ოქუაშვილი იტყუება, მიაქვს ტელევიზიებში დამონტაჟებული მასალა. ინგლისელები ამ ექსპერტიზის ბიუროს ეძახიან თავიანთ სიამაყეს. ჩვენ ამ დასკვნას წარუდგენთ ინგლისის, ამერიკის, საფრანგეთისა და გერმანიის საელჩოებს. დასკვნაში იკვეთება, რომ ვანო ჩხარტიშვილთან მიმართებით ყველა ჩანაწერი არის დამონტაჟებული რამდენიმეჯერ და იქ აზრის გამოტანა არის შეუძლებელი. აქ საუბარია გაყიდული და სამარცხვინო პოლიტიკოსების გამონათქვამებზე, რომ ისინი რაღაც ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობიან. ამ ექსპერტიზის დასკვნაზე რომელი პოლიტიკოსიც იტყვის, რომ არ ენდობა, ჩვენ ვაპირებთ, მივმართოთ ინგლისს, გაერთიანებულ სამეფოს და ვუთხრათ, რომ აი ეს დეპუტატები გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე არ შეუშვათ“, – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
გასულ კვირას ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატმა კიდევ ერთი ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა და დიდი ბრიტანეთის საექსპერტო დაწესებულების ექსპერტ პოლ ბეიკერის მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე მედიაში გავრცელებული სამი ფარული ჩანაწერი დამონტაჟებულია. საუბარია იმ აუდიოჩანაწერებზე, სადაც დიალოგები ოქუაშვილს, ჩხარტიშვილსა და მის პარტნიორ ირაკლი ჩუბინიშვილს შორის სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე მიმდინარეობს.