ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს - ქართული მედიითა და უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებული სია არის მორიგი „ფეიკი“ და ოპონენტებს სასამართლოში ფასის გადახდა მოუწევთ
ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს. ბიზნესმენი აცხადებს, რომ მასთან დაკავშირებით ვრცელდება ცრუ ინფორმაცია.
ვანო ჩხარტიშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ქართულ საინფორმაციო საშუალებებში ერთ-ერთ უკრაინულ საიტზე სანქციების „მომლოდინე“ ქართველი ბიზნესმენების სიის თაობაზე გუშინ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით იმთავითვე მინდა, განვაცხადო, რომ ადგილი აქვს მცდელობას, რამდენიმე კვირის წინ ელენე ხოშტარიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა მიერ ხელოვნურად აგორებული ცილისმწამებლური კამპანიის საერთაშორისო არენაზე გატანა მოხდეს.
გამოქვეყნებული სია არის მტკნარ სიცრუეზე აგებული მორიგი „ფეიკი“, რომელსაც ქართველი ავტორები ჰყავს იქნება ეს „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი თუ რადიკალების მედია რუპორები, რომლებმაც კონკრეტულად ჩემ წინააღმდეგ საჯაროდ არაერთხელ გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია სანქცირებული რუსული ნავთობის შემოტანის მიზნით რუსულ კომპანია „როსნეფტთან“ ჩემს ღია და ოფიციალურ პარტნიორობაზე.
რეალობა კი ისაა, რომ არ არსებობს არანაირი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ჩემს კავშირს მათ მიერ დასახელებულ რუსულ კომპანია „როსნეფტთან“ ან „პეტროკასა“, თუ „გალფთან“ და „ფოთის პორტთან“. ბრალდებების გამიზნულ ფალსიფიკაციაზე მეტყველებს ისიც, რომ ოფიციალურმა უწყებებმა კატეგორიულად უარყვეს მითითებული პირების მიერ დასახელებული სანქცირებული ტვირთების საქართველოში შემოტანის ფაქტი.
ჩემი დაფუძნებული კომპანიები, რომლებიც „სმარტ კაპიტალის“ ჰოლდინგის ქოლგის ქვეშ საქმიანობენ, არიან ღია და გამჭვირვალე ბიზნეს სტრუქტურები. ჩვენ გამიზნულად არ ვმონაწილეობთ სახელმწიფო ტენდერებში, ხოლო ჩვენს საქმიანობას ყოველწლიურად აუდიტს უკეთებს მსოფლიოს ოთხეულში შემავალი აუდიტორული კომპანია „დელოიტი“, რომელიც ჰოლდინგში შემავალ ყველა ფირმას ფარავს. მისი დასკვნა არის საჯარო და ყველა მსურველს შეუძლია, ნახოს და დარწმუნდეს, რომ არანაირი კავშირი რუსულ კომპანიებთან ჩვენ არ გვაქვს.
ზემოაღნიშნულმა პირებმა ეს კარგად იციან, მაგრამ არც მალავენ ამდაგვარი დაუსაბუთებელი ბრალდებების მიზანს, რომ დასავლეთის ქვეყნებმა კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ სანქცირების გადაწყვეტილებები მიიღონ და ამით ქვეყანაში გარკვეული დაძაბული პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნან. ამასვე ემსახურებოდა გუშინ გამოქვეყნებული სიაც, რათა რადიკალების „ფეიკებს“, საერთაშორისო ფიასკოს ფონზე, რამენაირი „საერთაშორისო“ ლეგიტიმაცია მაინც მისცემოდა.
სასაცილოა ეს ყველაფერი, რომ არ იყოს დაკავშირებული ისეთ სენსიტიურ სფეროსთან, როგორიცაა ბიზნესი. მსგავსი შინაარსის ცრუ ინფორმაციები ჩემთვის საფინანსო ინსტიტუტებთან თუ საქმიან წრეებთან ურთიერთობაში შეიძლება, აღმოჩნდეს გარკვეული რეპუტაციული ზიანის მომტანი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლონდონის ავტორიტეტული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების მიერ უკვე მიმდინარეობს ჩემთვის და ჩემთან დაკავშირებული კომპანიებისთვის უსაფუძვლო ბრალდებებით მიყენებული ზარალის მასშტაბების შესწავლა, რომლის შემდეგაც იგეგმება სასამართლო პროცედურების დაწყება საერთაშორისო, მათ შორის, გაერთიანებული სამეფოს სასამართლო იურისდიქციაში. გასაგები რომ იყოს, განვმარტავთ, რომ ჩემს მიმართ გავრცელებულმა ცრუ ბრალდებებმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას ჩემს პარტნიორ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს, რომელთა კომპანიების საქმიანი რეპუტაციის შელახვისა და მიყენებული ზიანის შესაძლო ფაქტი გაერთიანებული სამეფოს სასამართლოს იურისდიქციას განეკუთვნება. შესაბამისად, ოპონენტებს სათანადო ფასის გადახდა მოუწევთ და შესაძლებელია, გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობით სოლიდური კომპენსაციის გადახდა დაეკისროთ. ანალოგიური რეაგირება გვექნება ნებისმიერ მცდელობებზე, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს იგი, ცრუ ინფორმაციების ტირაჟირებით საქმიანი რეპუტაცია შემილახონ მე და ჩემს კომპანიებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.