უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში კონტროლის გამკაცრების მიზნით ქალაქ ვანის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, 24-საათის განმავლობაში ადგილზე განახორციელებენ არსებული შეზღუდვების კონტროლს და ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას უზრუნველყოფენ“, – აცხადებენ სს-ში.
უწყების ცნობით, ადგილზე მოხდება მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგიც.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავენ და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარებიან“, – აღნიშნავენ შსს-ში.
უწყება მოქალაქეებს შეახსენებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.