ვანის მუნიციპალიტეტიდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი პირია გადაყვანილი, თვითიზოლაციაში იმყოფება 31 ადამიანი
ვანის მუნიციპალიტეტიდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი პირია გადაყვანილი, თვითიზოლაციაში იმყოფება 31 ადამიანი

ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მამაკაცს, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა, საკუთარი მაღაზია ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ არ გაუღია, შესაბამისად, მას არ ჰქონდა კომუნიკაცია მომხმარებელთან, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ვანის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, გიგა ბუაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის კონტაქტები უკვე მოძიებულია.

„ინფიცირებული ქალბატონის მეუღლეს, რომელსაც „კოვიდ-19“ თავადაც დაუდასტურდა, სამშენებლო პროდუქციის მაღაზია აქვს, რომელიც დაიკეტა მყისიერად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე. მამაკაცს ზუსტად ის საკონტაქტო წრე ჰყავს, რაც მის მეუღლეს, ამიტომ კონტაქტების იდენტიფიცირება არ გაგვიჭირდა“, – განაცხადა ბუაძემ.

ამ დროისთვის ვანის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 31 მოქალაქე იმყოფება. ერთმა პირმა კი საკუთარი ნებით საკარანტინო სივრცეში გადასვლა ითხოვა და ის წყალტუბოში, სასტუმრო „პლაზაშია“ გადაყვანილი.

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ დიხაშხოდან ერთი პირი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.