ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს საქართველოში იტალიის ელჩი სტუმრობს
ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს საქართველოში იტალიის ელჩი სტუმრობს

ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს საქართველოში იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო სტუმრობს. მას საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე მასპინძლობს.

ელჩმა მუზეუმში გამოფენილი უნიკალური არქეოლოგიური მასალა დაათვალიერა და ორი ქვეყნის კულტურულ თანამშრომლობაზე ისაუბრა.

მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში საქართველოს ეროვნული მუზეუმის და საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით, ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში გამოფენა სახელწოდებით „სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი“ გაიმართება. საქართველოში პირველად იქნება წარმოდგენილი ანტიკური სამყაროს ისტორიის მნიშვნელოვანი ეპიზოდი, რომელსაც ახ. წ. 79 წლის 24 აგვისტოს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად ფერფლით დაფარული ძველი რომის დიდებული ქალაქის პომპეის ისტორია ეწოდება. მას შემდეგ, რაც 1748 წელს პომპეის ისტორიის გაცოცხლება მისი აღმოჩენით დაიწყო, ის, როგორც კარგად შემონახული ქალაქი, ანტიკური კულტურის კვლევის ერთ-ერთი მთავარი წყაროა.

2020 წელს, ათწლიანი სამუშაოების შემდეგ განახლებული ვანის მუზეუმში „სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი“ პირველი დროებითი გამოფენა იქნება. მნახველს შესაძლებლობა ექნება, იხილოს მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა პომპეის არქეოლოგიური პარკიდან, მათ შორის ექსპონატები, რომლებიც პირველად ტოვებენ პომპეის.

გამოფენის მხარდამჭერია „თიბისი“, BTU – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი. გამოფენის მედიამხარდამჭერია საქართველოს პირველი არხი.