ვახტანგ გომელაურმა იტალიის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
ვახტანგ გომელაურმა იტალიის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა.

შსს-ის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა იტალიის ელჩს დიპლომატიური საქმიანობის საქართველოში დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„შეხვედრის ფარგლებში ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობასა და სამომავლო ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. მათ ასევე განიხილეს არსებული პერსპექტივები და მზადყოფნა გამოხატეს, აქტიურად განაგრძონ თანამშრომლობა მომავალში სხვადასხვა მიმართულებით.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ, ერთობლივი ძალისხმევით, ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობა და ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.