ვანის არქეოლოგიური მუზეუმი გამოფენას „სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი“ მასპინძლობს
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი გამოფენას „სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი“ მასპინძლობს

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი გამოფენას „სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი“ მასპინძლობს, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით მოეწყო. გამოფენა დღეს საზეიმოდ გახსნეს იტალიის ელჩმა ენრიკო ვალვომ და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ.

ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილია არქეოლოგიური მასალა პომპეის არქეოლოგიური პარკიდან. მათივე ცნობით, საქართველოში დამთვალიერებელს პირველად აქვს საშუალება, ნახოს ანტიკური სამყაროს ისტორიის მნიშვნელოვანი ეპიზოდი, რომელიც ახ.წ.აღ.-ის 79 წელს, ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად, ფერფლით დაფარული ძველი რომის დიდებული ქალაქის, პომპეის ისტორიას ასახავს.

„ვანის მუზეუმში დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, ნახოს პომპეის სახელგანთქმული კედლის მხატვრობის ნიმუშები და სახლის სხვადასხვა ნაწილში (ატრიუმი, ტრიკლინიუმი, პერისტილი, ლარარიუმი, ბაღი) აღმოჩენილი მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა. ექსპოზიციაზე განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ოქრომჭედლობის ნიმუშებს. ასევე, წარმოდგენილია ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა თაბაშირის მოდელები. მუზეუმის ვიზიტორი გადაინაცვლებს სამყაროში, რომელიც აცოცხლებს ანტიკური ეპოქის იტალიის ერთი ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებას ახ.წ.აღ.-ის I საუკუნეში.

პომპეი, რომელსაც დაახლოებით სამი საუკუნეა არქეოლოგები იკვლევენ, ნათელ წარმოდგენას გვიქმნის რომის იმპერიის ქალაქების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. პომპეის აღმოჩენებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თანამედროვე ევროპული ესთეტიკის, დიზაინის, სამზარეულოსა და სუფრის ტრადიციების ჩამოყალიბებაში.

სიმბოლურია, რომ გამოფენას მასპინძლობს ქალაქი ვანი, რომელიც ფართო საერთაშორისო საზოგადოებამ ოთარ ლორთქიფანიძის წიგნით გაიცნო, როგორც „საქართველოს პომპეი“. წიგნი ფრანგული სახელწოდებით Vani une Pompéi géorgienne საფრანგეთში, 1995 წელს გამოიცა.

ვანის განახლებულ მუზეუმში „სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი“ პირველი დროებითი გამოფენაა. პომპეის აღმოჩენების ნაწილი ინტეგრირებულია მუზეუმის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში. დამთვალიერებელს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გაეცნოს ანტიკური სამყაროს ისტორიას ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ფუნქციის მქონე რვასაუკუნოვანი ქალაქების – პომპეისა და ვანის – დიდებული წარსულისა და ტრაგიკული დასასრულის ამსახველი გარკვეული ეპიზოდების მაგალითზე.

აღნიშნული გამოფენა წარმოადგენს ორი ქვეყნის ინსტიტუციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას. 2017-2019 წლებში საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით, თბილისის ორ მთავარ საგამოფენო სივრცეში დამთვალიერებელმა იხილა იტალიური რენესანსისა და ბაროკოს, მოდერნისტული და პოსტმოდერნისტული ეტაპების უმნიშვნელოვანესი ავტორების შედევრები: მიქელანჯელო ბუონაროტის, ლეონარდო და ვინჩის, სანდრო ბოტიჩელის, ტიციან ვეჩელიოს, რაფაელ სანტის, ლორენცო ბერნინის, მიქელანჯელო პისტოლეტოს, ჯორჯო დე კირიკოს და სხვათა ნამუშევრები. ასევე, იტალიური მოზაიკები კაპიტოლიუმის მუზეუმებიდან და საგანმანათლებლო-მულტიმედიური პროექტები“, – აღნიშნულია ეროვნული მუზეუმის ინფორმაციაში.

გამოფენა დამთვალიერებელს სექტემბრის შუა რიცხვებამდე უმასპინძლებს.