ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, „გრინსერვის პლუსის“ დირექტორი კიდევ ერთხელ გამოკითხეს
ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, „გრინსერვის პლუსის“ დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში კიდევ ერთხელ გამოკითხეს.
როგორც ფურცხვანიძემ გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და სავარაუდოდ გამოკითხვაზე კიდევ დაიბარებენ.
ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ იყო დამონტაჟებული წყალში 220 ვოლტიანი კვების ბლოკი, ფურცხვანიძემ უპასუხა:
„ყველგან არის, რიყის შადრევანშიც. მიდით და გადაიღეთ, იტალიელი სპეციალისტების მოწყობილია. იყო ერთიანი გამანაწილებელი სისტემა, მიდით რიყის შადრევანზე და გადაიღეთ“.
ფურცხვანიძის თქმით, მომხდარის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
„ელექტროობა შემოწმებული იყო, დაინსტალირების დროსაც და შემდეგაც. დამატებითი კონკრეტული კითხვები ჰკითხეთ გამოძიებას. გამოძიებამ უნდა გასცეს.
მე პასუხისმგებლობა უკვე მაქვს ღმერთისგან სიცოცხლის ბოლომდე. აწი რა პასუხისმგებლობა იქნება, ამ ეტაპზე ნამდვილად არ მაინტერესებს“,- განაცხადა ლაშა ფურცხვანიძემ.
13 ოქტომბერს, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს, სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. სამივე დაშავებული კლინიკებში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა. ორი არასრულწლოვანი კლინიკებიდან უკვე გაწერეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.