ვაკის პარკის საქმეზე სასამართლო პროცესი 27 მარტისთვის გადაიდო
ვაკის პარკის საქმეზე სასამართლო პროცესი 27 მარტისთვის გადაიდო

ვაკის პარკის საქმეზე სასამართლო პროცესი 27 მარტისთვის გადაიდო. ცხრა განსასჯელის ადვოკატებს შესავალი სიტყვები დღეს უნდა ეთქვათ, თუმცა მათ განაცხადეს, რომ დღეს ამისთვის მზად არ არიან და პროცესის გადადება მოითხოვეს.

მანამდე დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ბრალდების მხარე წარადგენდა შესავალ სიტყვას. პროკურატურის შესავალ სიტყვაში საუბარი იყო განსასჯელების დანაშაულზე და მათი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებზე.

ბრალდების შესავალ სიტყვამდე დაცვის მხარემ შუამდგომლობები და ახალი მტკიცებულებები წარადგინა. კერძოდ, დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიებით, გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა კიდევ ერთხელ დააყენა. როგორც ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა განაცხადა, ამ შუამდგომლობის საფუძველია სამხარაულის ექსპერტიზის ახალი საინჟინრო დასკვნა, რომელიც მათ ექსპერტიზის ბიუროს წინანსასამართლო სხდომის შემდეგ დაუკვეთეს და დასკვნა 14 მარტს მიიღეს. უფლებადამცველის განმარტებით, დასკვნა გამორიცხავს ლაშა ფურცვანიძის დანაშაულს. ადვოკატის თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ „გრინსერვის პლუსის“ მიერ შესრულებული სამუშაოები სრულ თანხვედრაშია პროექტთან.

პროკურორი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ დაცვის მხარეს არ წარუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომელიც განსასჯელების დანაშაულს გამორიცხავს და აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

„გრინსერვისი პლუსის“ დირექტორმა, ლაშა ფურცხვანიძემ აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობის განხილვისას აღნიშნა, რომ რეალობის გარკვევის ინტერესი პროკურატურისგან ვერ დაინახა, როდესაც საგამოძიებო უწყება მთავარი ინჟინრის დაკითხვით არ დაინტერესდა.

„ერთადერთი, მე ვემუდარები პროკურატურას, დამეხმარეთ ჩინელი ინჟინერის დაკითხვაში. ვემუდარებოდი პროკურატურას, გამარკვიეთ, რა მოხდა. პროკურატურამ ყველაფერი გააკეთა, ჩინელი ინჟინერი რომ არ დაეკითხა, თითქოს პირიქით, ხელი შეუშალა ამ ჩინელის დაკითხვას. დასკვნაში თქვენც ნახავთ. ის დასკვნა, რაცაა, ნულია, მეექვსე კლასის ფიზიკის მოსწავლეც არ გააკეთებს ამას. ვიხვეწებოდი, კომპეტენტური ვინცაა, ის დავკითხოთ. პროკურატურამ არ დაკითხა“, – განაცახდა ლაშა ფურცვანიძემ.

აღკვეთის შეცვლის შუამდგომლობამდე, ადვოკატმა აღნიშნული საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის საქმეზე დართვა მოითხოვა. მტკიცებულების დართვას ბრალდების მხარეც დაეთანხმა, თუმცა სადაო გახადა.

მოსამართლემ ადვოკატის მიერ წარდგენილი დასკვნა საქმეს დაურთო.

ადვოკატებმა ასევე მოითხოვეს, სასამართლოზე არ იქნას გამოყენებული განსასჯელების მიერ მანამდე მიცემული ჩვენებები და მოსამართლემ მხოლოდ არსებითი განხილვისას მიღებული ჩვენებებით იხელმძღვანელოს.

შუამდგომლობების განხილვისა და მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ მხარეთა შესავალი სიტყვები დაიწყო, თუმცა შესავალი სიტყვა დღეს მხოლოდ ბრალდების მხარემ წარმოთქვა. ბრალდებულების ადვოკატები შესავალი სიტყვით, სავარაუდოდ, მომდევნო სხდომაზე წარდგებიან.