ვაკის პარკში მიმდინარე აქციაზე ზაზა სარალიძე მივიდა
ვაკის პარკში მიმდინარე აქციაზე ზაზა სარალიძე მივიდა

ვაკის პარკში მიმდინარე აქციაზე „აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე“ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე მივიდა.

ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

„მე დავინახე, რომ ჩემი შვილის მეგობრები აქ დგანან. სადაც ჩემი შვილის მეგობრები იქნებიან, იქ ვიდგები ყოველთვის. მე შეცდომაში ვერავინ შემიყვანს. ნებისმიერ ბერკეტს გამოვიყენებ, რომ ეს სისტემა დაინგრეს, რათა სამართლიანობა აღდგეს“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ვაკის პარკში აქცია „აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე“ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის ოჯახების სოლიდარობის ნიშნად, ახალგაზრდების ორგანიზებით იმართება.

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ისინი ითხოვენ არამხოლოდ მკვლელების დასჯას, არამედ იმ ადამიანების დასჯას, ვინც მათ ხელს აფარებდა.

მათივე თქმით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას ისინი არ შეუერთდებიან, რადგან ფიქრობენ, რომ პოლიტიკოსები ოჯახის ტრაგედიას საკუთარი ქულების დაწერისთვის იყენებენ. ასევე, არ ეთანხმებიან მთავრობის გადადგომის მოთხოვნას და ამბობენ, რომ გამოძიება სწორედ ხელისუფლებამ უნდა მიიყვანოს ბოლომდე.