ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, ბრალდებული გიორგი ვახტანგაშვილი დაიკითხა
ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, ბრალდებული გიორგი ვახტანგაშვილი დაიკითხა

ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე სასამართლო სხდომაზე თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, ბრალდებული გიორგი ვახტანგაშვილი დაიკითხა.

როგორც პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა, ვახტანგაშვილის ჩვენება ურთიერთწინააღმდეგობრივი იყო და ასევე ეწინააღმდეგებოდა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

„ერთ ნაწილში ბრალდებული ამბობდა, რომ ევალებოდა ხელშეკრულების შესრულების კონტროლი და მეორე ნაწილში ამბობდა, რომ ამის კონტროლი არ შედიოდა მის უფლება-მოვალეობებში. რაც შეეხება საკითხს, რომ დავალება მილების შეფუთვაზე მისგან არ მოდიოდა, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. საქმეში წარმოდგენილია მყარი მტკიცებულებები, მათ შორის მოწმეების ჩვენება, რომლითაც დასტურდება, რომ მილების შეფუთვის გადაწყვეტილება უშუალოდ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილიდან მოდიოდა“, – განაცხადა ტყეშელაშვილმა.

ვახტანგაშვილის ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის განცხადებით, სიცრუეა პროკურორის განცხადება და ვახტანგაშვილს „გრინსერვისთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების კონტროლის ვალდებულება არ ჰქონია. ადვოკატის თქმით, ეს ვალდებულება ჰქონდა ზოგადად გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს.

რაც შეეხება დამატებით სამუშაოებს, ადვოკატის თქმით, როგორც ვახტანგაშვილმა ჩვენებაში განაცხადა, მილების გადაფუთვის მითითება მას არ გაუცია და დამატებითი სამუშაოების შესახებ მან ტრაგედიის შემდეგ გაიგო.

„პუნქტი გამოვაქვეყნეთ, რომლის მიხედვითაც, სამსახურს ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი პირობების კონტროლის ვალდებულება, რაც არ მოიაზრებს, რომ ტექნიკურად, განსაკუთრებით ხაზგასმით, უსაფრთხოების ნაწილს აკონტროლებდა სამსახური და ზედმეტია საუბარი ვახტანგაშვილის ვალდებულებებზე. ვახტანგაშვილს ვალდებულება არ ჰქონია, რომ ექსპერტიზა მოეთხოვა. პროკურორმა ვერ წარადგინა, რომელი პუნქტი არ შეასრულა. ვერ წარადგინა, არ არსებობს ნორმა, რომ ვახტანგაშვილის ვალდებულება იყო, „გრინსერვისისგან“ მოეთხოვა ექსპერტიზის დასკვნა“, – განაცხადა ლაშა ცუცქირიძემ.

ცხრა ბრალდებულიდან ერთადერთი იყო ვახტანგაშვილი, რომელმაც სასამართლოს ჩვენება მისცა. სხვა ბრალდებულებმა, პროტესტის ნიშნად, ჩვენების მიცემაზე უარი თქვეს, რადგან მოსამართლემ დაცვის მხარეს მათი მოწმეების დაკითხვის საშუალება არ მისცა. ადვოკატების განცხადებით, მოსამართლემ გადაწყვიტა, დაცვის მხარის არცერთი მოწმე არ დაიკითხოს, რადგან 9-თვიანი ვადა მთავრდება და უკვე განაჩენი უნდა გამოიტანოს.

19 ივნისს პროცესი მხარეების დასკვნითი სიტყვებით განახლდება.