ვაკის მე-2 საოლქო კომისიის ათმა წევრმა არჩევნების შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერა, პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს
ვაკის მე-2 საოლქო საარჩევნო კომისიის ათმა წევრმა შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერა. კერძოდ, კომისიის 12 წევრიდან შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერეს „ქართული ოცნებისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებმა, ასევე ცესკო-ს მიერ არჩეულმა წევრებმა.
პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს, რომლებმაც კომისიის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
„ვაკის საოლქო საარჩევმო კომისიამ ვაკის საარჩევნო კომისიაში შემავალი საუბნო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე შეაჯამა არჩევნების შედეგები მაჟორიტარულ და პროპორციულ ნაწილში. როგორც მოგეხსენებათ, მაჟორიტარულ ნაწილში დანიშნულია მეორე ტური. კანონმდებლობით დადგენილ დროს შეჯამებული იქნა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები.
კენჭისყრის და შემაჯამებელი ოქმების შედგენის პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და არანაირ ექსცეს ადგილი არ ქონია. არც ერთ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიას არ მოგვიწია ბიულეტენების გახსნა და ხელახლა გადათვლა. ამის საჭიროება დღის წესრიგში არ იდგა.
ყველაზე მთავარი, რაც მნიშვნელოვნი და პრონციპულია, არც ერთ კანდიდატს, არც ერთ სუბიექტს არც ერთი ხმა არ დაკლებია.აქედან გამომდინარე, პრეტენზიაც არ არის, ვერც იქნებოდა, რადგან ყველა კვალიფიციურ პარტიას ყავდა კომისიის წევრები, ასევე წარმომადგენლები, საკმაოდ დიდი რაოდენობის დამკვირვებლები იყვნენ და ყველამ ნახა, რომ ყველა შემაჯამებელ ოქმში წერია ყველა ის მონაცემი სუბიექტის ან პარტიის, რამდენი ბიულეტენიც ამოვიდა ყუთიდან.
რაც შეეხება ოპოზიციას, კომისიის ორი კონკრეტული წევრის მიერ სხდომის დატოვებას, ეს მათი უფლებაა. დატოვეს და არ მიიღეს მონაწილეობა შეჯამებაში. კომისია შედგება თორმეტი წევრისგან, მათი უმრავლესობა თუ მოაწერს ხელს, მაშინ შემაჯამებელი ოქმი უკვე იურიდიული აქტია“, – განაცხადა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამაზ ფოლადაშვილმა.