ბაია პატარაია - ვაპირებთ, შემაჯამებელი ოქმების რვა პროცენტი, სადაც მეტობა დაფიქსირდა, დეტალურად გავიაროთ ცესკო-სა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან
ბაია პატარაია - ვაპირებთ, შემაჯამებელი ოქმების რვა პროცენტი, სადაც მეტობა დაფიქსირდა, დეტალურად გავიაროთ ცესკო-სა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან

ვაპირებთ, დავუშვათ გამონაკლისი და შემაჯამებელი ოქმების რვა პროცენტი, სადაც დაფიქსირდა მეტობა, დეტალურად გავიაროთ ცესკო-სთან ან ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ პირთან, რათა ნებისმიერი ეჭვი აღმოფხვრას და ორგანიზაციამ დააკმაყოფილოს გამჭვირვალობის მაქსიმალური სტანდარტი, ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ გამგეობის წევრმა, ბაია პატარაიამ განაცხადა.

„არაერთხელ გაიჟღერა შეკითხვამ ამ რვა პროცენტთან დაკავშირებით, მათ შორის ცესკო-სგან, პარტიებისგან, ამიტომ ჩვენ, გამგეობამ და „ისფედის“ ადმინისტრაციამ გადავწყვიტეთ, ხელახლა გადაგვეთვალა 850-ვე უბანი, სადაც ხმების პარალელური დათვლა ჩატარდა.

ძალიან დეტალურად სწავლობდა ამ უბნებს არამარტო გუნდი, რომელიც პარალელურ დათვლას ატარებდა, არამედ „ისფედის“ თანამშრომლები. დაახლოებით 20 ადამიანზე მეტი, მატ შორის რეგიონული ოფისებიდანაც სწავლობდნენ ამ მონაცემებს. შემიძლია გითხრათ, რომ მეტობით დისბალანსი შეადგენს რვა პროცენტს, როგორც ეს ჩვენ უკვე ადრე, რამდენჯერმე განვაცხადეთ.

იმის მიუხედავად, რომ როგორც წესი, ხმების პარალელური დათვლის უბნები რჩება საიდუმლოდ და არ არსებობს ამის პრაქტიკა, ჩვენ ვაპირებთ, რომ დავუშვათ გამონაკლისი და ამ რვა პროცენტის ოქმები დეტალურად გავიაროთ ცესკო-სთან ან ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ პირთან, რათა ნებისმიერი ეჭვი აღმოფხვრას და ორგანიზაციამ დააკმაყოფილოს გამჭვირვალობის მაქსიმალური სტანდარტი.

სამწუხაროდ, საქართველოში დამკვიდრებულია დისბალანასის გასწორების ძალიან მახინჯი პრაქტიკა, რაც ნიშნავს, არა გადათვლის საფუძველზე დისბალანსების აღმოფხვრას, არამედ ახსნა-განმარტებების საფუძველზე ამ ოქმების ცვლილებას, რასაც ჩვენ ვერ მივესალმებით და მიგვაჩნია, რომ ეს პრაქტიკა აუცილებლად უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა ბაია პატარაიამ.

როგორც „სამართლიანი არჩევნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, ხმების პარალელური დათვლის მონაცემებით, შემაჯამებელი ოქმების რვა პროცენტში იყო მეტობა, დისბალანსი საარჩევნო ადმინისტრაციამ უმეტესწილად კენჭისყრის დღის შემდეგ გაასწორა.