ვახუშტი მენაბდე - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევაზე ჩვენი და პრეზიდენტის მოსაზრებები არ დაემთხვა
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეხედულებას შეიცვლის და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს დაასახელებს.
მისი თქმით, პრეზიდენტის სურვილი იყო, კანდიდატი სამოქალაქო სექტორს შეერჩია.
„პრეზიდენტს ჰქონდა კონკრეტული პროექტი, წარმოედგინა როგორ უნდა არჩეულიყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, თუმცა ჩვენი მოსაზრებები ერთმანეთს არ დაემთხვა და მიიჩნია, რომ საერთოდ არ ღირდა ამ პროცესში შესვლა. იმედს ვიტოვებ, ამ შეხედულებას შეიცვლის და დაასახელებს კანდიდატს. პრეზიდენტს სურდა, ის ყოფილიყო გამტარი და კანდიდატი შეერჩია სამოქალაქო სექტორს. ჩვენი პოზიცია კი იყო ასეთი: პასუხისმგებლობა რომ აიღო, ლეგიტიმაცია გჭირდება, ჩვენ არავითარი ლეგიტიმაცია არ გაგვაჩნდა, ლეგიტიმაცია აქვს პრეზიდენტს. საბოლოოდ, ჩვენს ხედვებში კონფლიქტი მოხდა“, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.
საქართველოს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს აღარ წარადგენს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, კონსენსუსი ვერ შედგა. ამის გარეშე კი, კანდიდატურის დასახელება იქნებოდა „დასახელება დასახელებისთვის“.
უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დატოვა. ამის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის მიზნით კონსულტაციები დაიწყო. კონსულტაციების შეჯამების მიზნით გამართული შეხვედრის შემდეგ აღინიშნა, რომ პრეზიდენტს ჰქონდა შეთავაზება იურიდიული წრეების ფართო წარმომადგენლობისადმი, დაესახელებინათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, თუმცა ამ ფორმატზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.
ამასთან, კონსულტაციების მონაწილეები არ აკონკრეტებენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად რომელ გვარებზე იყო საუბარი, თუმცა, პირველი არხის ინფორმაციით, პრეზიდენტთან კონსულტაციებისას დასახელდნენ ნათია წკეპლაძე, ქეთევან ერემაძე და ნინო ბაქაური.