ვახუშტი მენაბდე - საპარლამენტო განხილვის პროცესში შესაძლებელია მრავალმხრივი ჩართვა, აუცილებელი არ არის საკუთარი მანდატის განხორციელება
საპარლამენტო განხილვის პროცესში შესაძლებელია მრავალმხრივი ჩართვა, ამისთვის აუცილებელი არ არის საკუთარი მანდატის განხორციელება, – ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა, კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ მეტად სრულყოფილი პროცესისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს.
„სიამოვნებით მოვისმენდი ოპოზიციური პარტიების პოზიციას, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ პარტიები ჩართოს ამ პროცესში, რათა მეტად სრულყოფილი პროცესი მივიღოთ“, – აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრის შემდეგ.
რაც შეეხება რეკომენდაციებს, მენაბდის განმარტებით, კვლავ პრობლემური რჩება ორი ფუნდამენტური საკითხი, რომელიც ეხება საარჩევნო სისტემას და საარჩევნო ადმინისტრაციას.
„ტექნიკურ ნაწილში ბევრ ინიციატივაზე შეთანხმება მიღწეულია და ამ მიმართულებით საარჩევნო კანონი უკეთესი იქნება. შემუშავდა საინტერესო დებულებები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება და ადგილობრივ დონეზე საარჩევნო სისტემა, კვლავ შეუთანხმებელი რჩება. გვესმის, რომ ეს არის ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის იმ მოლაპარაკებების ნაწილი, რომელიც შარლ მიშელის ჩამოსვლის შემდეგ დაიძრა. ვფიქრობთ, აღნიშნული საკითხები მსჯელობის საგანი გახდება“, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.