ვახუშტი მენაბდე - საარჩევნო სისტემაში მეტი პროპორციული კომპონენტი თუ არ იქნება გათვალისწინებული, თვითმმართველობის არჩევნებს წინასწარ გავწირავთ, რომ მმართველმა პარტიამ მოიგოს
პირველადი ვერსია არის წარმოდგენილი, რომელიც გარკვეულწილად, შეიცვლება. მთავარი კამათი იყო საკითხზე – საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება. ჩემი შთაბეჭდილებით, სამუშაო ჯგუფი ახლა იხრება ორ მიმართულებას შორის – სრულად პროფესიონალიზაცია და შერეული სისტემა, სადაც იქნებიან პროფესიონალები და ასევე პარტიების მიერ დაკომპლექტებული, – ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა ვახუშტი მენაბდემ განაცხადა.
მისივე თქმით, ცესკო-ს ადმინისტრაციის დაკომპლექტებისას სრულად პროფესიონალიზაციას ემხრობიან. როგორც მენაბდე განმარტავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფის მიერ ამ საკითხზე მსჯელობა დროის კარგვა იქნება.
„ჩვენ სრულად პროფესიონალიზაციას ვემხრობით. მიგვაჩნია, რომ თუ სრულად პროფესიონალიზაციის მიმართულებით არ წავალთ, ოღონდ, ისე რომ დაკომპლექტებაში ოპოზიციის ხმა იყოს გადამწყვეტი, ამ პროცესის დაწყებას დიდი აზრი არ ექნებოდა. თუ ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, ტყუილად ვხარჯავთ დროსა და ენერგიას. თუ საარჩევნო სისტემის მიმართულებით უფრო მეტ პროპორციულ კომპონენტს არ გავითვალისწინებთ, ვიდრე ეს შემოთავაზებულია ვერსიებით, მაშინ ჩვენ წინასწარ გავწირავთ თვითმმართველობის არჩევნებს იმისთვის, რომ მმართველმა პარტიამ მოიგოს. ოღონდ, მოიგოს უსამართლოდ, არაპროპორციულად. ვინ მოიგებს, „საიას“ არ აღელვებს“, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.