ვახუშტი მენაბდე - საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ჩვენთვის მნიშვნელოვანი მიმართულებებით არასაკმარისი ნაბიჯები გადაიდგა
დანანებით აღვნიშნავ, რომ სამუშაო ჯგუფმა ვერ მიაღწია იმ მიზანს, რომელიც მას დაუსახა „ქართულ ოცნებასა” და „მოქალაქეებს” შორის გაფორმებულმა მემორანდუმმა, – ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა, კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ განაცხადა.
მისივე თქმით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მათთვის სამი მიმართულება იყო მნიშვნელოვანი, თუმცა, როგორც მენაბდე ამბობს, არასაკმარისი ნაბიჯები გადაიდგა.
„ეს იყო ფუნდამენტური ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში. ჩვენთვის სამი მიმართულება იყო მნიშვნელოვანი – საარჩევნო სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება და ამომრჩევლის ნების კონტროლის შემაკავებელი მექანიზმები. სამივე ამ მიმართულებით არასაკმარისი ნაბიჯები გადაიდგა, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებული პრობლემები ადმინისტრაციის ნდობის მიმართულებით, სამართლიან საარჩევნო სისტემის და ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოვლენის თვალსაზრისით ვერ მიიღწა და ვერ აღმოიფხვრა შემოთავაზებული ცვლილებებით“, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.