ვახუშტი მენაბდე - იმედს ვიტოვებ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ საინტერესო და ღირსეულ კანდიდატს მივიღებთ
ვახუშტი მენაბდე - იმედს ვიტოვებ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ საინტერესო და ღირსეულ კანდიდატს მივიღებთ

იმედს ვიტოვებ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად საინტერესო და ღირსეულ ადამიანს მივიღებთ, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ განაცხადა.

როგორც ვახუშტი მენაბდემ აღნიშნა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საინტერესო შეხვედრა შედგა.

„ძირითადად ვისაუბრეთ პროცედურებზე, ასევე კრიტერიუმებზე. ვფიქრობ, რომ დღეს დაიწყო ძალიან საინტერესო პროცესი. ამ შეხვედრებს ჩემი ინფორმაციით მოყვება სხვა შეხვედრები და იმედს ვიტოვებ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ საინტერესო და ღირსეულ კანდიდატს მივიღებთ. შეხვედრის ამ ფორმატს მიზნად არ ჰქონდა კონკრეტულ საკითხებზე შეჯერების ფუნქცია. ჩვენ ცალ-ცალკე თითოეულმა მონაწილემ მივაწოდეთ დამოკიდებულებები, ჩვენი ხედვები პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. მთავარი რაც გამოიყო, ეს არის კვალიფიკაცია და მაღალი საზოგადოებრივი ნდობა”, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად  კონსულტაციები გაიმართა. პრეზიდენტის მრჩევლები დღეს აკადემიური წრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში და პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა შეხვედრის მონაწილეებთან სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს, განიხილეს ის კრიტერიუმები, რომელიც გათვალისწინებული იქნება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევისას და ის, თუ როგორ უნდა წარიმართოს პროცესები.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად გამართულ დღევანდელ კონსულტაციებს პროფესიული წრეების წარმომადგენლები 10-მდე უმაღლესი სასწავლებლიდან ესწრებოდნენ.