ვახუშტი მენაბდე - გიორგი გახარიას გადაწყვეტილება იყო მაშველი რგოლი, რომელიც უმრავლესობას გადაუგდო, თუმცა საღამოს გავიგეთ, რომ ეს მაშველი რგოლი უმრავლესობამ არ გამოიყენა
ვახუშტი მენაბდე - გიორგი გახარიას გადაწყვეტილება იყო მაშველი რგოლი, რომელიც უმრავლესობას გადაუგდო, თუმცა საღამოს გავიგეთ, რომ ეს მაშველი რგოლი უმრავლესობამ არ გამოიყენა

გახარიას გადაწყვეტილება იყო მაშველი რგოლი, რომელიც მან უმრავლესობას გადაუგდო, – განაცხადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა ვახუშტი მენაბდემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„თუმცა, დღეს საღამოს გავიგეთ, რომ ეს მაშველი რგოლი უმრავლესობამ არ გამოიყენა. გადაწყვეტილება, რომელიც ბატონი ღარიბაშვილის გაპრემიერებას ედო საფუძვლად, საბოლოო ჯამში, არ ემსახურება იმას, რომ პოლარიზაცია შემცირდეს. ბატონი ღარიბაშვილის მინისტრის კაბინეტში ხელახლა შემოყვანა არ ემსახურება მოლაპარაკების ინტერესებს“, – განაცხადა მენაბდემ.

მისი თქმით, იმედი, რომელიც დღეს დილით პრემიერ-მინისტრის გადადგომით გაჩნდა, სამწუხაროდ, ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა.

„ეს იყო შესაძლებლობა, რომელიც ამ გადმოსახედიდან, მმართველმა გუნდმა ვერ გამოიყენა“, – განაცხადა მენაბდემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ვინ შეიძლებოდა, პრემიერობის კანდიდატად დაესახელებინა „ქართულ ოცნებას“, რაც ოპოზიციისთვის მისაღები იქნებოდა, ვახუშტი მენაბდემ განაცხადა, რომ გვარების დასახელების მომხრე არ არის, მაგრამ არსებობენ კანდიდატები, რომლებიც შეიძლებოდა, ნაკლებად ხისტები ყოფილიყვნენ, რაც გადატვირთვის მეტ შესაძლებლობას გააჩენდა.

„შეიძლება, ეს პირიქით იძლეოდეს შესაძლებლობას. თუმცა, ვეჭვობ, ეს „ოცნების“ გათვლა ყოფილიყო. თუ ბატონი ღარიბაშვილი მართლაც აღმოჩნდება მშვიდობის მტრედი, რა თქმა უნდა, ამას არაფერი სჯობს, მაგრამ მე იმაზე ვლაპარაკობ, ამ გადმოსახედიდან როგორ შეიძლება, წავიკითხოთ „ოცნების“ ნაბიჯი. ხვალ შეიძლება, ღარიბაშვილი ყველასთვის სიურპრიზი იყოს და შესაძლებელია, სავლე პავლედ იქცეს, ასეთი მაგალითები 21 საუკუნის წინ გვინახავს, მაგრამ მე იმაზე ვსაუბრობ, ამ მომენტში, ეს ჩვენ მიერ რამდენად არის აღქმული, როგორც მოლაპარაკებებისკენ გადადგმული ნაბიჯი“, – განაცხადა მენაბდემ.

მენაბდემ ასევე განაცხადა, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა არ არსებობს, მართლმსაჯულება კლანურ ინტერესებსაა დაქვემდებარებული და პროკურატურა პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს, ხოლო პოლიცია მმართველი პარტიის ინსტრუმენტადაა ქცეული და ქართული საზოგადოების ამოცანაა, ეს შეიცვალოს.

„იმის ნაცვლად, რომ ეს შეიცვალოს, ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ძალის დემონსტრირების ლოგიკა და მუშაობს პრინციპი, რომ ვინც უფრო დიდ კუნთებს გამოაჩენს, ის არის უფრო ძლიერი. დღეს ჩვენს ქვეყანაში ეს არის პოლიტიკის პრინციპი და უკან დახევა სისუსტედ ითვლება. ასე თამაშობს ხელისუფლება და ასე თამაშობს ოპოზიციას, საბოლოო ჯამში კი, ამას უფრო დიდი უფსკრულისკენ მივყავართ. ჩვენ აი, ეს დამოკიდებულება უნდა შევცვალოთ“, – განაცხადა მენაბდემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება და ოპოზიცია ძალების დემონსტრირებას ახდენს, რადგან ეს ფასობს და ღირებულება ამას აქვს.

„ყველამ ვიცით, როგორ იქცევა ოპოზიცია და როგორ იქცევა ხელისუფლება. რატომ იქცევიან, ეს არის მთავარი კითხვა. იქცევიან იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკად ითვლება ხელის გადაწევა და არა მოლაპარაკება. აი, ეს ფასობს, ამას აქვს ღირებულება და ეს არის ქართული პოლიტიკის მთელი ტრაგედია“, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.