ვახუშტი მენაბდე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები საკმარისი არ არის, რადგან პრობლემებს სათანადოდ ვერ აგვარებს
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლის ვახუშტი მენაბდის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები საკმარისი არ არის, რადგან გამოწვევებს სათანადოდ ვერ პასუხობს. მისივე თქმით, ცვლილებების თანახმად „ქართული ოცნების“ ძალაუფლების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგება.
როგორც მენაბდე აცხადებს, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ოპოზიციამ და ხელისუფლებამ უნდა გაიზიაროს როგორც ძალაუფლება, ისე პასუხისმგებლობა.
„მოლაპარაკებების წინ „ქართულმა ოცნებამ“ სამი კანონპროექტის შესახებ დაიწყო საუბარი. ეს არის საარჩევნო სისტემა, ცოტა ხნის წინ სამუშაო ჯგუფში შემუშავებული საარჩევნო კოდექსის ცვლილებები და ახლა უკვე ამას დაემატა მოსამართლეთა დანიშვნის წესში გამჭვირვალობისა და დასაბუთებულობისაკენ გადადგმული ნაბიჯებისთვის კანონპროექტი. სამივე ეს კანონპროექტი ვერ პასუხობს ვერც ერთ იმ წუხილს, რომელიც ჩვენ გვაქვს. ჩვენი პრობლემა არის ძალაუფლების კონცენტრაცია და ყოვლისშემძლე უმრავლესობა. არც ერთი ამ ცვლილებით კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგება „ქართული ოცნების“ ძალაუფლება. ჩვენი ამოცანა არის, რომ კონცენტრირებული ძალაუფლებიდან გადავიდეთ გაზიარებულ ძალაუფლებაზე და გაზიარებულ პასუხისმგებლობაზე. ოპოზიციამ და ხელისუფლებამ უნდა გაიზიაროს როგორც ძალაუფლება, ისე პასუხისმგებლობა ამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.
„ქართული ოცნების“, როგორც მმართველი გუნდის ამოცანა არის, შემოგვთავაზოს ისეთი ნაბიჯები და ცვლილებები, რომლებიც საბოლოო ჯამში გამოგვიყვანს იმ წრიდან, რომელზეც 30 წელია, ვტრიალებთ და რომელიც არის ქვეყანაში სუპერ უმრავლესობა, ყოვლისშემძლე უმრავლესობა. იმ კანონპროექტზე, რომელიც მოსამართლეთა დანიშვნას შეეხება, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წუხილი“ არის, რომ მოსამართლეები დაინიშნოს იუსტიციის უნაღლეს საბჭოში ორმაგი უმრავლესობით, ორმაგი 2/3-ით. არამოსამართლე და მოსამართლე წევრების კონსენსუსით. უზენაესი სასმართლოს მოსამართლეები დაინიშნონ ოპოზიციის და ხელისუფლების ერთობლივი მხარდაჭერით. ამ გამოწვევებს პროექტი ვერ პასუხობს. ჩვენ გვინდა, გადაიჭრას ეს პრობლემები და უმრავლესობაზე დაფუძნებული პროცედურებიდან გადავიდეთ კონსენსუსზე დაფუძნებულ პროცედურებზე, რაც წერტილს დაუსვამს ამ ქვეყანაში კლანურ მმართველობას სასამართლოში, რომელზეც უკვე საერთაშირისო ტრიბუნებზე ლაპარაკობენ. ეს ცვლილებები ამ პრობლემებს ვერ გადაჭრის. გვეყოლება უფრო გამჭვირვალედ და დასაბუთებულად დანიშნული უფრო კომპეტენტური კლანის წევრები. ცვლილებები არ არის საკმარისი, მთავარ პრობლემას ვერ აგვარებს, სამართლიან საარჩევნო სისტემას ვერ გვთავაზობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ვერ უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციის სანდოობას, მიუკერძოებლობას, რადგან უმრავლესობის ხელშია მისი დანიშვნა.
ბარიერის დაწევა არ არის იმ მასშტაბის ცვლილება, რომელიც ჩვენ მთავარ პრობლემას, ძალაუფლების კონცენტრაციის და უმრავლესობის ყოვლისშემძლეობაზე დაფუძნებული მმართველობის სისტემის გადაჭრისთვის გამოგვადგებოდა. სამპროცენტიანი ბარიერის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ ახალაც მიიღებდა იმაზე მეტ მანდატს, ვიდრე პროპორციულად მას ეკუთვნის. 80-ზე მეტ მანდატს მიიღებდა. მაშინ, როცა რეალურად მას არ აქვს მოქალაქეების უმრავლესობის მხარდაჭერა. როგორი უმრავლესობის მხარდაჭერაც გაქვს, ისეთი წარმომადგენლობა უნდა გქონდეს საკონონმდებლო ორგანოში. ბევრი სხვა საკითხია და ეს ერთობლივად უნდა გადაიჭრას“, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.