ვახტანგ ყოლბაია - მივმართავთ ჩვენს მეგობრებს აფხაზეთში, 25 წელი უნდა იყოს საკმარისი, ვიგლოვეთ და დროა, დავუბრუნდეთ ერთმანეთს
მხოლოდ საქართველოს წიაღში შეიძლება ვიფიქროთ და ვიოცნებოთ იმ აფხაზეთზე, რომლისთვისაც ბიჭებმა დაღვარეს სისხლი, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ ყოლბაიამ გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან განაცხადა.
„ჯვართამაღლების დღეა დღეს, ტკივილიანი და იმედიანი. ამ დღეს ჩვენ მივმართავთ ჩვენ მეზობლებს, მეგობრებს აფხაზეთში, რომ 25 წელი უნდა იყოს საკმარისი – ჩვენ ვიგლოვეთ და უკვე დროა, დავუბრუნდეთ ერთმანეთს, დავიწყოთ იმ ხიდის მშენებლობა, რომელსაც ნდობის აღდგენა ჰქვია. ვფიქრობ, ბევრმა ჩვენგანმა, მათ შორის მეც, სხვებმაც საჭირო დასკვნები გააკეთეს იმ მოვლენებისგან და საჭიროა, ამ დასკვნებიდან გამომდინარე ჩვენ ვაკეთოთ საქმე, რადგან მხოლოდ საქართველოს წიაღში შეიძლება ვიფიქროთ და ვიოცნებოთ იმ აფხაზეთზე, რომლისთვისაც ბიჭებმა დაღვარეს სისხლი“, – აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.
სოხუმის დაცემიდან დღეს 25 წელი გავიდა. სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებების შენობებზე დაშვებულია დროშები.