ვახტანგ შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა „ქართული ოცნება“ და თბილისის საკრებულოს უმრავლესობა დატოვეს
თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა, ვახტანგ შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა საკრებულოს უმრავლესობა და „ქართული ოცნება“ დატოვეს.
როგორც ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა, გადაწყვეტილება მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.
„ძალიან კარგად ვნახეთ, რომ მიმდინარეობს ზეწოლა საზოგადოებაზე, თითქოს ლევან მურუსიძე არის გმირი, ლევან გოგიჩაიშვილისა და ჩვენი თანამებრძოლების გადაწყვეტილება კი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე წყლის დასხმა. ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის მიუღებელია“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში სანდრო გირგვლიანის, ასევე 7 ნოემბერის თემით მოვიდა და ახლა ამ ისტორიის წშლა მიმდინარეობს.
„ეს ფონი შევქმენით თითოეულმა ჩვენგანმა, საზოგადოებასთნ ერთად და ამ ისტორიის წაშლა მიმდინარეობს, თითქოს ისტორია დაიწყო 2012 წლიდან. გუნდში ყოველთვის ჰქონდათ კომპლექსი ადამიანებს, რომ ისინი არ არსებობდნენ 2012 წლამდე. ისინი იშვნენ 2012-ში, 2014-ში, მაგალითად. პარლამენტის თავმჯდომარე. მათი ისტორია სწორედ აქედან დაიწყო. ისინი ჩვენზე უფროსებიც არიან ასაკით, მაგრამ არასდროს ჰქონიათ პროტესტი სანდრო გირგვლიანზე. ჩემთვის არის ძალიან ძვირფასი ეს თემა. ახალი პლატფორმა უნდა შეიქმნას, რომელიც ძველ ფასეულობებზე ახალ მომავალს ჩაუსახავს ჩვენს მოქალაქებს. ძალიან დიდი მადლობა ბიძინა ივანიშვილს, რომ ძალა აღარ გვეყო და ბოლოს მოვიდა ისიც, ჩაერთო ჩვენ ბრძოლაში, მართალია, შვიდი წლის მერე, მაგრამ გამოაღო ეს კარი მშვიდობიანად და შეცვალა. ამას არავინ უკარგავს, მაგრამ დაპირებები, რომლებიც ჩვენ გავეცით 2012 და შემდეგ წლებში, აუცილებლად უნდა შესრულდეს . “, – განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.
ამასთან, ჯიშკარიანი და შაქარიშვილი „დაიცავი საქართველოს“ უერთდებიან.
როგორც ვახტანგ შაქარიშვილმა აღნიშნა, უკანასკნელ პერიოდში სახეზეა მორალური ფასეულობების გადახედვის უხეში მცდელობა.
„ჩვენთის კატეგორიულად მიუღებელია შავის თეთრად წარმოჩენა, მიუღებელია მურუსიძე-ჩინჩალაძე-ზარდიაშვილის სამართლიანობის მაგალითად გასაღება. ჩემთვის მიუღებელია პრინციპული და ღირსეული ადამიანების მრავალწლიანი ბრძოლის უშედეგოდ გამოცხადება, მათი დაკნინებისა და „ნაცებად“ დასახელების მცდელობა. ჩემთვის მიუღებელია სააკაშვილ-ადეიშვილის ჯალათების გაპრავება, ეს ყველაფერი კრიტიკულ წინააღმდეგობაშია 2012 წლის იდეალებთან და იმ დაპირებებთან, რომელიც სულ ახლახანს მეორე ტურის წინ გაიცა. სწორედ ამიტომ ვტოვებთ „ქართული ოცნების“ უმრავლესობას და 13 აპრილს 14:00 საათზე ვუერთდებით „დაიცავი საქართველოს“ შეკრებას“, – განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.