ვახტანგ მეგრელიშვილი, სანდრო რაქვიაშვილი და იაგო ხვიჩია პარლამენტში მივიდნენ
„გირჩის“ წარმომადგენლები, ვახტანგ მეგრელიშვილი, სანდრო რაქვიაშვილი და იაგო ხვიჩია საქართველოს პარლამენტში მივიდნენ.
მათ დღეს ევროკავშირისა და აშშ-ის მედიაციით შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერეს.
ამასთან, 16 აპრილს ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში მისვლას გეგმავდა. მან აღნიშნა, რომ პარლამენტში მივლენ „კულუარული საქმიანობის დასაწყებად, ადამიანების გასაცნობად“.
„რეალურად მივდივართ კულუარული საპარლამენტო საქმიანობის დასაწყებად, ადამიანების გასაცნობად, პარლამენტიდან თქვენთან საურთიერთობოდ, პოლიტიკური აქცენტის გადასატანად იმ თემებზე, რომლებიც ჩვენ გვაინტერესებს. ვინაიდან დღევანდელი პოლიტიკური სივრცე არ გვაძლევს „გირჩს“ ოპერირების შესაძლებლობას, გვინდა, შევქმნათ ისეთი სივრცე, სადაც ჩვენ შეგვეძლება წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.