ვახტანგ ხმალაძე - პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, თუნდაც ნულოვანი ბარიერით, არის გაცილებით უკეთესი, ვიდრე დღეს არსებული მოდელი
ვახტანგ ხმალაძე - პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, თუნდაც ნულოვანი ბარიერით, არის გაცილებით უკეთესი, ვიდრე დღეს არსებული მოდელი

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, რომ ნულპროცენტიანი ბარიერის შემოღება სერიოზულ საფრთხეს შეიცავს, რადგან პარლამენტის დიდი სიჭრელისას, პოლიტიკური არასტაბილურობის ალბათობა მაღალია და ეს ქვეყნისთვის ცუდია.

საქართველოს პირველ არხთან საუბარში ვახტანგ ხმალაძემ ნულპროცენტიანი ბარიერის შესაძლო საფრთხეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნულპროცენტიანი ზღურბლის შემოღების საკითხი იმიტომ დაისვა, რომ „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უმრავლესობის ჩამოყალიბება გაუადვილდეს.

„რატომ შემოაქვთ საერთოდ ზღურბლი? თუ მსოფლიოს საარჩევნო სისტემებს გადახედავთ, სადაც პროპორციული არჩევნები ტარდება, ისეთი გამონაკლისი იშვიათია, როცა ზღურბლი არ არის. თითქმის ყველგან ზღურბლია. ჩვეულებრივ, ეს ზღურბლი სამიდან ხუთ პროცენტამდეა და იშვიათი გამონაკლისია მაღალი ზღურბლი, ხუთ პროცენტზე უფრო მეტი. რატომ კეთდება ეს? – როცა ზღურბლი არ არის, ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ პარლამენტში ძალიან ბევრი პარტიის წარმომადგენელი მოხვდეს. ანუ, პარლამენტი ძალიან ჭრელი აღმოჩნდეს. პარლამენტში დიდი სიჭრელე რა პრობლემებს ქმნის? – უმრავლესობის შექმნის სირთულეა, რადგან მოლაპარაკება იქნება საჭირო, რომ უმრავლესობა შეიქნას.

მეორე პრობლემა ისაა, რომ ასეთი დიდი სიჭრელე საშუალებას იძლევა, უმრავლესობა შეიქმნას არა იდეოლოგიურ საფუძველსა და სახელმწიფო ინტერესებზე, არამედ მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე. ყველაზე მრავალფეროვანი ფრაქცია რომელიც იქნება, მან შეიძლება სხვას უთხრას, მათ ფრაქციაში შევიდეს და ამას გაგიკეთებო. გარიგება შეიძლება იყოს მატერიალური, თანამდებობის შეთავაზება და ა.შ. ანუ, არასწორი საფუძვლით მოხდეს უმრავლესობის შექმნა. მათ შორის იყოს გადაბირება მოსყიდვით, რომ თანამდებობას შემოგთავაზებ, ან ფულს და ა.შ. ეს უწესო მოქმედება და არასწორი საფუძველი“, – განაცხადა ხმალაძემ.

ხმალაძის მოსაზრებით, ჭრელი უმრავლესობა არასტაბილურია.

„მაგალითად, შეიქმნა უმრავლესობა, რაღაც მოვითხოვე, უარი მითხრეს, განცხადება დავწერე და წავედი უმრავლესობიდან. ასეთ შემთხვევაში უმრავლესობა დაიშლება. ამას მოჰყვება მთავრობის ცვლილება. დიდი სიჭრელისას პოლიტიკური არასტაბილურობის ალბათობა არის მაღალი და ქვეყნისთვის ცუდია. ზღურბლი იმიტომ შემოაქვთ, რომ პარლამენტში სუბიექტთა რაოდენობა დიდი არ იყოს, პარლამენტი მრავალპარტიული იყოს, მაგრამ არა – დიდი. რას ნიშნავს, დიდი? – ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში ათზე ნაკლები სუბიექტი უნდა იყოს, მეტი – არა. ზოგ ქვეყანაში, პარლამენტში სამიდან შვიდამდე, ან რვამდე პოლიტიკური სუბიექტი მერყეობს, ჩვენთან ოპტიმალური იქნებოდა საარჩევნო ზღურბლი ყოფილიყო არა ხუთი, არამედ – სამი. რატომ? – თუ 30 წლის მანძილზე ჩატარებული არჩევნების შედეგებს ნახავთ და პროცენტების მიხედვით აიღებთ, რა სურათი იკვეთება? – ხუთ პროცენტზე მეტ ხმას უმეტეს შემთხვევაში ორი ან სამი სუბიექტი იღებს. სამ პროცენტზე მეტ ხმას ხუთი ან შვიდი სუბიექტი იღებს. სამ პროცენტზე ნაკლებს და ერთ პროცენტზე მეტს ყველაზე უფრო ხშირად არავინ იღებს. ანუ, სიცარიელეა. რა სურათი იკვეთება? – საკმარისად კარგი წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად საკმარისია სამპროცენტიანი ზღურბლის შემოღება, რაც ექვს-შვიდ სუბიექტიან პარლამენტს გვაძლევს. ეს სახიფათო სიჭრელე არ არის, ეს უზრუნველყოფს საკმარისად მაღალ სტაბილურობას და უკეთესი იქნება ქვეყნისთვის. საკმარისია, ზღურბლი ნულამდე ჩამოვწიოთ, რომ წარმომადგენლობა სუბიექტთა რაოდენობა იზრდება”, – აცხადებს დეპუტატი.

ხმალაძე მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ უბარიერობას საფრთხე აქვს, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, თუნდაც ნულოვანი ბარიერით, არის გაცილებით უკეთესი, ვიდრე დღეს არსებული სისტემაა.

პროპორციულზე უნდა გადავიდეთ და თუ მოხერხდა შეთანხმება როგორი უნდა იყოს საარჩევნო ზღურბლი, ეს შეთანხმება მიღწეული უნდა იყოს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რა სჯობს იმისთვის, რომ პარლამენტი იყოს უფრო ქმედითუნარიანი და სტაბილური”, – აღნიშნა ხმალაძემ.

„ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.