ვახტანგ ხმალაძე - მოსამართლეთა კორპუსთან დაკავშირებით საქმე გვაქვს ისეთივე ვითარებასთან, როგორიც არის ე.წ. ქათმისა და კვერცხის პრობლემა
ვახტანგ ხმალაძე - მოსამართლეთა კორპუსთან დაკავშირებით საქმე გვაქვს ისეთივე ვითარებასთან, როგორიც არის ე.წ. ქათმისა და კვერცხის პრობლემა

მოსამართლეთა კორპუსთან დაკავშირებით საქმე გვაქვს ისეთივე ვითარებასთან, როგორიც არის ე.წ. ქათმისა და კვერცხის პრობლემა, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ წევრმა, ვახტანგ ხმალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.

„ჩემთვის ჯერ კიდევ 2012 წელს სრულიად ცხადი იყო, რომ საქმე გვაქვს მოსამართლეთა კორპუსთან დაკავშირებულ პრობლემებთან; საქმე გვაქვს ისეთივე ვითარებასთან, როგორიც არის ე.წ. ქათმისა და კვერცხის პრობლემა, თუ რომელი იყო პირველადი – კვერცხი თუ ქათამი. სამართლებრივი თვალსაზრისით, გვაქვს ვითარება, როგორიც მიღებულია დემოკრატიულ სახელმწიფოებში. მოსამართლეთა თანამდებობებზე გამწესება ხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ და საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტს ირჩევს მოსამართლეთა თვითმმართველობა, ანუ მოსამართლეთა კორპუსი. მგონი, მარტივი გასაგებია, რომ როგორიც არის კორპუსში მოსამართლეთა შემადგენლობა, ისეთივე იქნება მათ მიერ არჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და პირიქით – როგორიც არის ეს საბჭო, ისეთივე მოსამართლეებით შეივსება მოსამართლეთა კორპუსი“, – განაცხადა ხმალაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ უნდა წავართვათ კარიერული წინსვლის შესაძლებლობა გარკვეულ ადამიანებს, თუკი 2012 წლის შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ სისტემებში და მათ შორის, სასამართლო სისტემაში დარჩენილიყვნენ ეს ადამიანები, რომლებიც ამ სისტემაში მუშაობდნენ და სისტემას გაჯანსაღების შესაძლებლობა მისცემოდა, ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ კოალიციას ჰქონდა მცდელობა, ფორმულა შეცვლილიყო, მაგრამ ვენეციის კომისიის მაღალი რანგის წევრების მხრიდან კატეგორიული წინააღმდეგობა არსებობდა, რადგან ისინი თვლიდნენ, რომ სისტემას უნდა მისცემოდა შესაძლებლობა, თვითგანწმენდა მოეხდინა. 

„ჩვენ გვქონდა მცდელობა, ეს შეცვლილიყო. მე პირადად, მქონდა შეხვედრა ვენეციის კომისიის მაღალი რანგის წევრებთან, როცა ისინი თბილისში იმყოფებოდნენ და ამ თემაზე საუბრისას მათი მხრიდან კატეგორიული წინააღმდეგობა იყო, რომ ეს ფორმულა შეცვლილიყო. მათი აზრით, სისტემას უნდა მისცემოდა შესაძლებლობა, თვითგანწმენდა მოეხდინა და მათი აზრი იყო, დროთა განმავლობაში ეს მოხდებაო. ხომ იცით, ადგილის კურდღელს ადგილის მწევარი უკეთ იჭერსო და ჩემთვის ეს არ იყო დამაჯერებელი. მიმაჩნდა, რომ აუცილებელი იყო, ეს კონფიგურაცია შეცვლილიყო. მაქსიმუმი, რასაც მივაღწიეთ, იყო ის, რომ შევიტანეთ ცვლილება, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის წევრი ვეღარ იქნებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი; შემოვიღეთ ფორმულა, რომლის მიხედვითაც, პარლამენტს უნდა აერჩია და შემოვხაზეთ წრე, ვისგან შეიძლებოდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები არჩეულიყო. კანონის თანახმად, მოსამართლეთა თანამდებობაზე გამწესება უნდა მომხდარიყო 2/3-ით, ანუ ათი ხმით და იუსტიციის უმაღლესი საბჭოში მოსამართლე ცხრა იყო. ამათგან ერთი, თანამდებობის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო, რვა კი მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული. ანუ, თუ პარლამენტი იმ ადამიანებს აირჩევდა, ვინც საქმეს ობიექტურად მიუდგებოდა, მაშინ ისეთი პირი, რომელიც მოსამართლე არ უნდა ყოფილიყო, იქ ვერ გამწესდებოდა, ვინაიდან საკმარისი ხმების რაოდენობას ვერ მიიღებდა“, – განაცხადა ხმალაძემ.

მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში 15 წევრია, საიდანაც ცხრა მოსამართლეა, ხოლო ახალი მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებას 10 ხმა სჭირდება.

„დანარჩენი ექვსი წევრიდან ერთს პრეზიდენტი ნიშნავდა, თავისი შეხედულებისამებრ, ხოლო ხუთს პარლამენტი ირჩევდა. კანდიდატურების წარდგენის უფლება ჰქონდათ და აქვთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სამართლის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მერე, მათ მიერ წარდგენილი კანდიდატურებისთვის კენჭი უნდა ეყარა პარლამენტს. იდეაში, თუ პარლამენტში ერთპარტიული უმრავლესობა არ იარსებებს, მაშინ ნაკლებად სავარაუდოა და ნაკლები რისკია, რომ ამ ცხრილში გაძვრეს ის, ვინც არ უნდა გაძვრეს, მაგრამ როცა ერთპარტიული უმრავლესობა არსებობს, უკვე პრობლემა ჩნდება“, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

შეკითხვაზე, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ გრძელვადიანი გათვლა მოხდეს და გამოსწორებული მართლმსაჯულების სისტემა მივიღოთ, ხმალაძემ აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა ისაა, რა უნდა გაკეთდეს, მაგრამ მეორე პრობლემაა, ვინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუ რა უნდა გაკეთდეს.

„რაც გინდა საინტერესო და რეალური მოდელი შევთავაზოთ, დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ხელისუფლება ამის გამკეთებელი არ არის. მომდევნო პარლამენტში ეს მაქსიმალურად ფართო შეთანხმებით უნდა იყოს მიღწეული. ჩვენ აუცილებლად დაგვჭირდება ქირურგიული ჩარევა. ჯერ არ ვიცი, რა იქნება, მაგრამ იმის განხორციელება, რაზეც შევთანხმდებით, მხოლოდ ქირურგიული მეთოდით იქნება შესაძლებელი. პირველ რიგში, იქ უნდა იყოს ძალიან ფართო პოლიტიკური შეთანხმება და შემდგომ, საზოგადოებასთან შეთანხმება, რადგან თუ გვინდა, ასეთი ტიპის რეფორმებმა სასურველი შედეგი მოგვიტანოს, მას ფართო საზოგადოების მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

დატოვე კომენტარი