პარიზის სასამართლოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ ფრანგი მოსამართლეების დასანქცირება ქვეყნის შიდა საქმეებში მიუღებელი ჩარევა იქნება
პარიზის სასამართლოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ აშშ-ის მხრიდან ფრანგი მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციების დაწესება ქვეყნის შიდა საქმეებში მიუღებელი ჩარევა იქნება.
გერმანულმა გამოცემამ, „შპიგელმა“ გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმადაც, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აპირებს, სანქციები დაუწესოს იმ მოსამართლეებს, რომლებმაც 2025 წლის გაზაფხულზე ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი ევროკავშირის ფონდების არამიზნობრივ ხარჯვაში დამნაშავედ ცნეს და ხუთი წლით აუკრძალეს პოლიტიკური თანამდებობის დაკავება.
ამგვარად, ლე პენს, ფაქტობრივად, არ ექნება საშუალება, 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.
„აშშ მართლაც თუ დააწესებს სანქციებს, ეს თუ სიმართლეა და მატერიალიზდება, იქნება მიუღებელი და აუტანელი ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში“, – განაცხადა პარიზის სასამართლოს თავმჯდომარემ.
ცნობისთვის, მარინ ლე პენი ყველა ბრალდებას უარყოფს. ლე პენმა ვერდიქტი უკვე გაასაჩივრა და სააპელაციო სასამართლო მის საჩივარზე მომდევნო კვირაში დაიწყებს მსჯელობს, ხოლო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ზაფხულში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, 2025 წელს, გაზაფხულზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მარინ ლე პენის საქმეზე გამოტანილი ვერდიქტი გააკრიტიკა და თქვა, რომ „ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, როგორ იყენებენ ევროპელი მემარცხენეები საკანონმდებლო ინსტრუმენტებს სიტყვის თავისუფლების ჩასახშობად“.