ვახტანგ ცინცაძე - სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება მნიშვნელოვანი გზავნილია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის
სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება დაკავშირებულია იმ მაკროეკონომიკურ პოლიტიკასთან, რასაც საქართველოს მთავრობა, უკვე წლებია, ატარებს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.
როგორც ვახტანგ ცინცაძემ აღნიშნა, იმ ფონზე, როდესაც რეგიონის თუ ევროპის ქვეყნების მასშტაბით პერსპექტივები ძირითადად უცვლელია, საქართველოს პერსპექტივის გაუმჯობესება მნიშვნელოვანი გზავნილია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის.
„სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი უცვლელად, BB დონეზე დატოვა. უნდა აღინიშნოს, რომ პერსპექტივის გაუმჯობესება დაკავშირებულია იმ მაკროეკონომიკურ პოლიტიკასთან, რასაც საქართველოს მთავრობა, უკვე წლებია, ატარებს, მათ შორის ფისკალური კონსოლიდაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებთან, მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებთან და იმ სტრუქტურულ რეფორმებთან, რაც საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. აქვე აღვნიშნავდი, რომ იმ ფონზე, როდესაც რეგიონის თუ ევროპის ქვეყნების მასშტაბით პერსპექტივები ძირითადად უცვლელია, საქართველოს პერსპექტივის გაუმჯობესება მნიშვნელოვანი გზავნილია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის, რომ საქართველოში ბიზნესგარემო არის მიმზიდველი და სარეიტინგო კომპანიას ნდობა აქვს საქართველოს მაკროეკონომიკური პოლიტიკისადმი. გამოვყოფდი იმ ფაქტს, რომ ჩვენ საკრედიტო საინვესტიციო რეიტინგამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს, რომელზე გადასვლაც თვისობრივად შეცვლის საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს, რაც შესაბამისად აისახება როგორც მაკროეკონომიკურ გარემოზე, ასევე თითოეულ მოქალაქეზე“, – განაცხადა ცინცაძემ.
სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი BB დონეზე შეაფასა.